საქართველოში „მაიდნის“ შემთხვევის არათუ დაშვება, საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკია ამორალური, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ამას, პრინციპში, არც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. იმიტომ, რომ თაობაა გაზრდილი, ჯერ კიდევ ჯანზე მყოფი თაობა, რომელიც ამ ყველაფერს თავისი თვალით ხედავდა და გამორიცხულია კიდევ ერთი „მაიდანი“ საქართველოში. რასაკვირველია, საზოგადოება გახლეჩილია და არის ნაწილი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ არის საზოგადოების სერიოზული ნაწილი, რომელიც ფიქრობს ისე, როგორც მე ვამბობ. თან, საზოგადოების ამ ნაწილს აქვს უზარმაზარი გამოცდილება იმ უზარმაზარი ტკივილის, რომელიც საქართველომ გადაიტანა. მე პირადად და ჩემი თაობის წარმომადგენლები ვთვლით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არავითარი „მაიდანი“ არ იყოს შესაბამისი შედეგებით. იმიტომ, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის „მაიდანი“ სხვა ძალების მიერაა მართული. არ ვამბობ ამერიკელებზე და არ ვამბობ ვიღაცაზე. გარე ძალები ყოველთვის იყენებენ ხოლმე სიტუაციას, არაერთხელ გამოუყენებიათ და ასეც იქნება. ამიტომ ჩვენ ამას ყველანაირად შევუშლით ხელს. იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ობიექტურად და დემოკრატიულად, წყალი არ გაუვა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეკითხვაზე, რატომ საუბრობს აშშ სანქციებზე და რატომ ირჩევს ურთიერთობის ამ ფორმას სტრატეგიულ პარტნიორთან, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ აშშ-ს ამ რეგიონში თავისი პოლიტიკის გატარების დღის წესრიგი აქვს, ის პატარა ქვეყნებისგან მიჩვეული არ არის ასეთ წინააღმდეგობას და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სანქციებით დაწყებული, დისკრედიტაციით დამთავრებული, ამოქმედდება ყველა მექანიზმი, რათა თავისი პოლიტიკა გაატაროს.
„დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა არ კეთდება მსოფლიო წესრიგის პრინციპებიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ჩამოიშალა. დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა კეთდება კონიუნქტურიდან გამომდინარე და თუ საჭიროებამ მოითხოვა, ხვალ სანქციებს სხვას დაუწესებენ და პირიქით, ცაში აიყვანენ დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ლიდერებს. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე და რა შედეგი დადგება, უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი თუ პარიტეტი მოხდება. აი, აქედან გამომდინარე იქნება ყველაფერი. ამიტომ, არც სანქციებმა უნდა შეგვაშინოს და არც უკიდურესმა გადაწყვეტილებამ. შეიძლება, სავიზო შეზღუდვებზეც გაგრძელდეს საუბარი, მაგრამ ეს უფრო იქნება გადაწყვეტილება გადაწყვეტილებისთვის. რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმები და სანქციები ცუდია, მაგრამ დიდი პოლიტიკისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან თქვეს, შეიძლება, დააწესონ, მაგრამ შეიძლება, მერე მოხსნან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი არის კონიუნქტურა და ამას საზოგადოება გაიგებს, რასაც ვგულისხმობ, ყველაფერი რომ არ ითქვას“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.




