პროექტის მენეჯერმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკაიამ აღნიშნა, რომ პროექტის წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს ინოვაციური და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მიდგომების დანერგვას.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციებს პროექტის მიზნების, ძირითადი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, წარდგენილი იყო პრეზენტაციები ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების არსზე, სარგებელზე, კომპოსტის თვისებებსა და კომპოსტირების მეთოდებზე. აღინიშნა, რომ წყალტუბოში პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს მზის პანელებით აღჭურვილი მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების მართვის სისტემების დანერგვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კომპოსტირების პროცესის ეტაპები, სკოლის გარემოში კომპოსტირების პრაქტიკული განხორციელების საკითხები. ითქვა, რომ მუნიციპალიტეტის 10 შერჩეულ სკოლაში უკვე მოეწყო მოედნები კომპოსტირებისათვის, სადაც დაიდგა სპეციალური ყუთები და სკოლები წარმატებით ახორციელებენ საქმიანობას ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირებისათვის. ტრენინგის მონაწილე პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია კომპოსტირების პროცესის მართვის, მისი თავისებურებებისა და კომპოსტის გამოყენების შესაძლებლობებზე. ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები პროექტის მენეჯერმა ქეთევან ცხაკიამ, პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა გადასცეს. პროექტს „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისთვის“ ოთხი ქვეყანა საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ.




