პოლიტიკურს რომ თავი გავანებოთ, მსოფლიო ეკონომიკური ჰეგემონიის ნაწილში აშშ და ჩინეთი კონკურენტები არიან. ამ კონკურენციის დასაძლევად ნებისმიერი მეთოდი მომგებიანი, საჭიროა და ამისთვის ნებისმიერი ქვეყანა გამოდგება, – ამის შესახებ კავკასიოლოგმა მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე ვთვლი, რომ რუსეთი ერთ-ერთი თემაა ტრამპის გადაწყვეტილებაში ჩინეთთან მომავალი დაპირისპირების კონტექსტში. ყველაზე სუსტი ქვეყანაა ამ დიდ ქვეყნებს შორის თავისი ეკონომიკური განვითარებით, ასე მიაჩნიათ აშშ-ში. თუ დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ რუსეთი, როდესაც უკრაინაში ომი და ათასი უბედურება დაიწყო, იყო ჩინეთის პარტნიორი, ახლა უკვე დრო გავიდა და გახდა უმცროსი პარტნიორი. მეგობარი იყო, ახლა უმცროსი მეგობარია. „ბრიქსის“ კონტექსტში უკვე უმცროსი პარტნიორი გახდა, ერთ მშვენიერ დღეს უკვე საერთოდ აღარ იქნება პარტნიორი და იქნება რიგითი წევრი. იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს ჩინეთის ეკონომიკასთან ჭიდილს და გარდა ამისა, დადგება დრო – და ამ დროის კონტურები უკვე ჩანს თუნდაც სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში – როდესაც ჩინეთი გაცხოველებულ კონკურენციაში მოდის რუსეთთან. აქვე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩინეთს აქვს სერიოზული ტერიტორიული პრეტენზიები და ეს პრეტენზიები არავის გაუნელებია რუსეთთანვე, რაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მოდის. ასე რომ, ასეთი დღეც დადგება, როდესაც რუსეთ-ჩინეთს შორის ეს კონკურენცია თავს იჩენს და ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამ დღის დაჩქარებას აუცილებლად შეეცდება“, – განაცხადა არეშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და აშშ-ის მხრიდან რა პრაგმატული ინტერესი შეიძლება ედოს საფუძვლად ამ ომის დასრულებას, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებები მოწინააღმდეგეს აბნევს, რადგან მას ურჩევნია, დაბნეულ მოწინააღმდეგეს ელაპარაკოს და ამასთან, მისი გადაწყვეტილებები იმდენად სხვადასხვაგვარია, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია.
„მე, მაგალითად, შემიძლია, გითხრათ ჩემი აზრი, რომ შეიძლება, დაათმობინონ ზელენსკის დონეცკი და ლუგანსკი. ზელენსკი რომ მერე ბორისპოლის აეროპორტში ჩაფრინდება, იქ, შეიძლება, ადგილზე მოკლან, თუმცა მე გეუბნებით, რომ ვარიანტი, შეიძლება, ეს იყოს, მაგრამ თვითონ ამერიკელები არ არიან დამთმობი დღევანდელი გადასახედიდან, მაგალითად, ყირიმის. გარდა ამისა, უკრაინისთვის ძალიან მძიმე იქნება ხერსონის დაზაპოროჟიეს დათმობა. ეს დათმობა იქნება საოცარი ტრაგედია. შეიძლება, ეს ყველაფერი ჰაერში გამოკიდებული დარჩეს, რომ მოდი, გავაჩეროთ 10 წლით, მერე ვნახოთ და ერთად დავამუშაოთ ლითიუმის საბადოა თუ რაღაცა. მოკლედ, კონკრეტულად თქმა, რომ ასე მოხდება, არ იქნება სწორი, რადგან ძალიან ორიგინალური მეთოდოლოგია აქვს შერჩეული აშშ-ის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა არეშიძემ.