შექმნილი ვითარება ევროპის ბრალი უფროა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპა ძალიან დიდხანს იყო მხოლოდ ამერიკის იმედზე, რაც ჩანს კიდეც მის სამხედრო პოტენციალში, წარმოების შემცირება, სამხედრო ბიუჯეტი და ასე შემდეგ, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ახლა დაიწყო ამის რევერსული მოქმედება ამ თვალსაზრისით. მე ვაკვირდები, რა ხდება ამასთან დაკავშირებით გერმანიაში და ვხედავ, რომ გერმანიაში არამხოლოდ ტექნიკურად დაიწყო ამ საქმის მიმართ სერიოზული მიდგომა, მათ შორის, წარმოების გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის გაზრდა, ახალგაზრდების გაწვევა ჯარში, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისითაც დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ეს ჯერ ძალიან მორიდებული, სუსტი ნაბიჯებია, მაგრამ უკვე ჩანს ეს ყველაფერი. ევროპაში ამას ხვდებოდნენ ძალიან კარგად, ბოლო წლის განმავლობაში, რომ აშშ ნელ-ნელა ამ თამაშიდან გვერდზე გადგებოდა, გავიდოდას ვერ ვიტყვი. ჯერ ერთი, ტრამპის ვადა საბოლოო ჯამში, რამდენიმე წელიწადში იწურება, ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის ხელმძღვანელი მოვა მომავალში აშშ და როგორ შეიძლება, შეიცვალოს ამერიკის მიდგომები“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისი თქმით, ისტორია მეორდება.
„ნათქვამია, საერთოდ, ისტორია მეორდება და ეს ასეა. ასეთი იზოლაციონისტური პოლიტიკა უკვე ჰქონდა აშშ-ს პირველი მსოფლიო ომის მერე და ეს რუზველტის სათავეში ყოფნისას შეიცვალა. ერთია, რა დევს ზედაპირზე და მეორე, რა არის კულუარებში. ზედაპირზე დევს, რომ აშშ-ს მობეზრდა მუდმივად პოზაში მყოფი ევროპის დაცვა და ევროპას სთხოვს, თვითონ იმოქმედოს. კულუარებში ძალიან სერიოზული ბრძოლა მიდის ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკის კონტროლის, ბიზნესის კეთების, ვინ იქნება დომინანტური და ვის უფრო მეტი საშუალებები ექნება. აშშ-სთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა 38 ტრილიონზე მეტი საგარეო ვალი და ის ინტენსიურად ეძებს გამოსავალს აქედან. სხვადასხვა ტიპის გამოსავალი შეიძლება, მოინახოს და მათ შორის ერთია, დომინანტი იყოს სავაჭრო სივრცეში, დაცვაში კი არ იყოს დომინანტი, არამედ ვაჭრობაში, სხვანაირად რომ ვთქვათ, დომინანტი იყოს ფულის კეთებაში“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისი თქმით, არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც რუსეთი მისთვის უფრო საინტერესოა.
„რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მფლობელი ბუნებრივი რესურსების. ხვალინდელი დღე არის რესურსებისთვის ბრძოლა და ამისთვის სჭირდება რუსეთთან სხვა ტიპის ურთიერთობა. გარდა ამისა, რუსეთი შეიძლება, იყოს მისი პარტნიორი ჩინეთთან დაპირისპირების კონტექსტში. მოსკოვში ძალიან მძიმედ განიცდიან, რომ ისინი ჩინეთის პარტნიორებიდან გადაიქცნენ, ჯერ უმცროს პარტნიორად და ახლა უმცროს ძმად. პარტნიორიც აღარ არის უკვე, ძმა არის უბრალოდ, პატარა, რომელსაც უნდა მიხედო. ამას ძალიან განიცდიან, სხვა გამოსავალი ახლა არ აქვთ და ზუსტად ისე რომ მოხდეს, გავლენების რაღაცნაირად, ნელ-ნელა გადანაწილება და მათ ჰქონდეთ თავისი გარკვეული კულუარული ურთიერთობა აშშ-თან, რატომაც არა?! მით უმეტეს, წიაღისეულის დათმობაზე წინააღმდეგი არ არიან“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისივე თქმით, აშშ-ის უნდა დასავლეთ ნახევარსფეროს კონტროლი, რუსეთთან ურთიერთობის გარკვეული სისტემის შექმნა და დასავლეთ ნახევარსფეროს მთლიანად გაკონტროლება.
„ჩინეთმა უკვე შედგა ფეხი რიგ ქვეყნებში, იშვიათი მეტალების საბადოებს თვალი დაადგა და ხელი მოაწერა უკვე ხელშეკრულებებს; ვიდრე ესენი ომით იყვნენ დაკავებული და ერთმანეთთან საქმეების გარჩევით, ჩინეთმა აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში ნაწილობრივ მოახერხა ეს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეკითხვაზე, სად არის ამ პირობებში ევროპა, არეშიძემ განაცხადა, რომ ევროპამ თავიდან უნდა დაიწყოს თავისი პოლიტიკის შექმნა, მაგრამ ამ პირობებში, როდესაც ევროპის პოლიტიკური კლასი პრაქტიკულად არის დეგრადირებული და ყველაფერი კეთდება, რათა, რაც შეიძლება, მეტი უსახური ფიგურა იყოს ევროპულ პოლიტიკაში, სიტუაციის შეცვლა ძალიან ძნელია.
მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი, რაზეც ახლა არის საუბარი, არის გზავნილები ტესტირების თვალსაზრისით.
„ყველაფერი ის, რაც ითქვა იმ მოკლე დროში, რაც ტრამპს დარჩენია და იმ არეულ სამყაროში, რაც დღეს არის, ასე მარტივად გასაკეთებელი არ არის. ამიტომ, პატარა ქვეყნებს შანსი ნამდვილად აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით პატარა ქვეყნების აზრი არავის არ აინტერესებს და პატარა ქვეყნების როლს ვერავინ ვერსად ვერ ხედავს. პატარა ქვეყნების კი არა, ხომ ხედავთ, ამხელა ევროპის როლი როგორ არის მასხრად აგდებული. ჩვენი ამოცანაა, ამ დროში თავი გავიტანოთ და შევქმნათ ისეთი პერსპექტივა, რასაც ჰქვია რეგიონული სტაბილურობა, რეგიონული მასშტაბის რაც შეიძლება მეტი საინტერესო ინიციატივა შექმნათ, სამწუხაროდ, მარტო ჩვენი ინიციატივა არავის არ აინტერესებს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.







