ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს ლიეტუვის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ხშირად უსაფუძვლო ბრალდებები მოდის იმ ქვეყნებიდან, „სადაც ხდება ძალიან ბევრი განვითარება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით“.
„საქართველო ძალიან ხშირად ხდება იმ ხმაურის ობიექტი, რომელიც იქმნება ხოლმე, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან, და არის გაუთავებელი მცდელობები, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყოს ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი. მათ შორის, არაერთხელ ვნახეთ, რამხელა შეტევა ხორციელდებოდა საქართველოზე, როდესაც საკითხი ეხებოდა სანქციების შესრულებას და ამ კონტექსტში საქართველოს როლს. ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს, რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რაც უკავშირდება იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ამავდროულად, იმასაც ვხედავთ, რომ სწორედ იმ ქვეყნებში, რომელთაგანაც ხშირად მოდის უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მისამართით, ხდება ძალიან ბევრი ისეთი განვითარება, რაც სანქციების გვერდის ავლას უკავშირდება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც საქართველო ხდება ამ ქვეყნებისგან შეტევის ობიექტი და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან მიმართებით ყველა პოზიცია და დამოკიდებულება ობიექტური იყოს. სამწუხაროა, რომ სწორედ ის ქვეყნები არიან საქართველოს მოწინააღმდეგეთა რიგებში, რომლებიც თავად დგამენ ასეთ ნაბიჯებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.








