„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში. ბუნებრივია, რეგიონის ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ამას მთლიანობაში ვუყურებთ, როგორც რეგიონს და რეგიონის პოტენციალს დაკავშირებადობის კუთხით.“
ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“ განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მათ შორის შავი ზღვის გავლით საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
მისივე თქმით, საქართველოს საზღვაო გასასვლელი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვისაც, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს როლს რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო მარშრუტების განვითარებაში.
მაკა ბოჭორიშვილმა „ტრამპის გზის“ პროექტის კონტექსტში საქართველოს როლზეც ისაუბრა-
„საქართველო ასრულებს ამ როლს, ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი დაკავშირებადობის კუთხით და მომავალში როგორც არ უნდა განვითარდეს, რა ქვეყნების გავლითაც არ უნდა განვითარდეს ეს გზები, საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი და მომგებიანი რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.









