საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს ვუჭერთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას, გაერო-ს ქარტიით განმტკიცებული პრინციპების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაში, სახელწოდებით – „გზები მშვიდობისკენ: მეორე საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე“, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობს.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო კანადის მთავრობისა და, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის მიმართ, ტორონტოში ამ მნიშვნელოვანი მინისტერიალის მოწვევისა და მასპინძლობისთვის.
უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი შედეგები სცდება ბრძოლის ველს და უდიდეს ტანჯვას აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მდგომარეობა ჩვენს მუდმივ და ერთობლივ ყურადღებას საჭიროებს. რაც დღეს მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ომი მხოლოდ სიცოცხლის დაკარგვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებით გამოწვეულ ზარალს არ ნიშნავს. ომი მტკივნეულად აისახება გახლეჩილ ოჯახებზე, მშობლიურ სახლებსა და საყვარელ ადამიანებს მოწყვეტილ ბავშვებზე, თავისუფლებაწართმეულ მშვიდობიან მოქალაქეებსა და დაბრუნების მოლოდინში მყოფ სამხედრო ტყვეებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.









