საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ტორონტოში გამართული საერთაშორისო კონფერენცია იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ესაუბრა, რას აკეთებს საქართველო, რათა მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას და რა ძალისხმევას სწევს ქვეყანა უკრაინელი ბავშვებისთვის.
ბოჭორიშვილის განმარტებით, ბოლო წლებში საქართველოს ძალისხმევა შეუმჩნეველი რჩებოდა, თუმცა საქართველო ჰუმანიტარული კუთხით უკრაინასთან მიმართებით მხარდაჭერაში არავის ჩამორჩება.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული პლატფორმა ასევე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს იმ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას და იძულებით გადაადგილებულ პირებს.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ კანადა არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელმძღვანელობა იმ კოალიციის, რომელიც უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ფოკუსირდება ჰუმანიტარულ საკითხებზე, ნორვეგიასთან ერთად. მსგავსი მინისტერიალი უკვე მეორედ იმართება.
საქართველო ამ ღონისძიებაზე მოწვეული იყო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ და ჩვენთვის ეს იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, რას აკეთებს საქართველო, რათა მხარი დავუჭიროთ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას სწევს საქართველო უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ისეთი კამპანიები იმართებოდა საქართველოსთან მიმართებით, რომ საქართველოს ძალისხმევა ძირითადად შეუმჩნეველი რჩებოდა ან არავინ აკეთებდა ამაზე აქცენტს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველო ჰუმანიტარული კუთხით უკრაინასთან მიმართებით არავის ჩამორჩება მხარდაჭერაში.
ჩვენ არაერთხელ ვუმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს. ასობით უკრაინელი ბავშვი ისვენებს ზაფხულობით საქართველოში, საზაფხულო ბანაკებში. ეს არის ის, რასაც რამდენიმე ქვეყანა აკეთებს უკრაინისთვის, მათ შორის არის საქართველოც.
ეს ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ყველასთვის უნდა იყოს ცნობილი. ეს არ არის ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჰუმანიტარული კუთხით საქართველოს არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი უკრაინისთვის. რაც მთავარია, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო წესრიგი არის მნიშვნელოვანი და დღეს ეს ფორმატი სწორედ ამისთვის იყო ჩვენი მხრიდან გამოყენებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს გამოწვევა, გამოწვევა ოკუპაციის სახით, იძულებით გადაადგილებული პირების სახით. რა თქმა უნდა, ამ პლატფორმაზე უნდა შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოს აქვს გამოწვევები და იძულებით გადაადგილებულ პირებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.









