მისასალმებელია, რომ ევროპული საბჭოს სამიტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩანაწერი საქართველოზეც არის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას პოლიტიკური ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს მიეცეს შესაძლებლობა, მოლაპარაკებების დაწყებისთვის მოემზადოს, კერძოდ, ისე, როგორც ახლა ემზადებიან უკრაინა და მოლდოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს დღის წესრიგში მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დგას, მისასალმებელია, რომ დოკუმენტში ჩანაწერი საქართველოზეც არის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აკვირდება საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს.