„ყველას, ვინც საქართველოს განვითარების, წინსვლის და მშვიდობიანი მომავლის გულშემატკივარია, კიდევ ერთხელ მივულოცავ ევროპული ოჯახის წევრობისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ამ გზაზე ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა სახელისუფლებო გუნდს.
„ამ ისტორიულ მომენტამდე სვლა ბევრი ჩვენგანისთვის იყო საპატიო შესაძლებლობა, ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის საოცნებო ევროპული მომავალი რეალურ შესაძლებლობად გვექცია. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ის სიხარული განეცადა, რაც ჩვენს საზოგადოებაში ევროკავშირის საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებამ გააჩინა.
ყველაზე დიდი გამოწვევა რაც ამ პროცესს თან ახლდა, იყო ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის - ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაქცევა ბრძოლის იარაღად და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის მუდმივი მცდელობები. მიუხედავად საქართველოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებული წარმოუდგენელი კამპანიებისა, ჩვენ შევძელით, ეს ისტორიული შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას და ხალხს არ დაეკარგა და ევროპის პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს ადგილი მყარად დაგვეჯავშნა“, -განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, თითქმის ორწლიანი პერიოდი და განვლილი გზა გახდა ოპოზიციის მორიგი ლუსტრაციის კარგი საშუალება.
„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ყოფილიყო ამ დიდი მონაპოვარის თანამონაწილე, თუმცა ნაცვლად ამისა, დიდმა ნაწილმა ფსონი ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაზე დადო და საბედნიეროდ წააგო, თუმცა კვლავ აგრძელებენ მცდელობებს და ისეთი თემებით მანიპულირებას, რამაც შეიძლება ქვეყანას ხელი შეუშალოს წინსვლაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის უდიდეს ნაწილს არც ხალხის ხმა ესმის და არც ქვეყნის გულისცემა.
„მცდარი დიაგნოზებით კი იქცნენ შეზღუდული პოლიტიკური შესაძლებლობების გაერთიანებად შეუზღუდავი მადით და ამბიციებით, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს, იმსახურონ საქართველოს წინააღმდეგ. დღეს ერთადერთი როლი მოირგეს, განახლებული არტისტიზმით შეასრულონ ‘’თავისუფლება მიშას” სერიალის მომდევნო სერია და დღევანდელი მათი გამოსვლებიც ამის დასტურია“, -აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ახალი ამოცანები დადგა ქვეყნის წინაშე.
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად იქცეს ისეთ ქვეყნად, რომელიც შეძლებს ევროკავშირის წევრი ქვეყენების გვერდით თანასწორად დგომას ევროკავშირის ქოლგის ქვეშ. ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში ვიზრუნოთ მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაზე, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე, იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები გავაჩინოთ საქართველოში ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამას სჭირდება არა მხოლოდ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე მუშაობა, არამედ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის საუკეთესოდ გამოყენება, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე იყოს მზად ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირების საბჭო იმართება ბრიუსელში და დარწმუნებული ვარ საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან მეტ სიცხადეს შესძენს ჩვენს მომდევნო ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ახალ მუხტს შემოიტანს ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.