პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში ზურაბიშვილს წვლილის შეტანა შეუძლია.
ბოჭორიშვილის თქმით, სამწუხაროდ, პირველად არ ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაკეთებული განცხადებები შემდგომ დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ქვეყანას.
მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი იმავე თამაშს თამაშობს, რასაც მიხეილ სააკაშვილი.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილს უწევს, თუ ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეგეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.