საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საგანგებო რეზოლუციის ინიციატივა დავარეგისტრირე უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციების ხელმძღვანელებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რომ ტექსტს ექნებოდა მათი მხარდაჭერა (პროექტი სამ ქვეყანას ეხებოდა და ბუნებრივია, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომ ტექსტი წარგვედგინა ასამბლეისთვის). - ასე ეხმიანება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ვერსიებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო ვერ მიიღეს.
როგორც მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, ევრონესტის რეზოლუციის უკვე დარეგისტრირებულ და ოფიციალურად გადაგზავნილ ტექსტს ვერ დამალავდა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადვე აღიარეს, რომ ტექსტში ცვლილების შეტანა სურდათ, რაც ადასტურებს, რომ მათ ტექსტი წაკითხულიც ჰქონდათ.
"ვინაიდან ბევრი ტყუილი მოვისმინე გუშინ ოპოზიციის მხრიდან, რამდენიმე ფაქტს დავწერ ევრონესტის საგანგებო რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით:
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საგანგებო რეზოლუციის ინიციატივა დავარეგისტრირე უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციების ხელმძღვანელებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რომ ტექსტს ექნებოდა მათი მხარდაჭერა (პროექტი სამ ქვეყანას ეხებოდა და ბუნებრივია, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომ ტექსტი წარგვედგინა ასამბლეისთვის).
ოპოზიციის მტკიცება, რომ “არ იცოდნენ” არის ტყუილი!
პირველი, მართლაც რომ დამალვა მნდომებოდა, ვერ დავმალავდი უკვე დარეგისტრირებულ ტექსტს, რადგან ოფიციალურად იყო დაგზავნილი პოლიტიკურ ჯგუფებთან.
მეორე, როგორც თავად აღიარებენ, თურმე ცვლილება უნდოდათ ტექსტში, რაც იმას ადასტურებს რომ იცოდნენ და წაკითხულიც ჰქონდათ (აბა ისე რის შეცვლას აპირებდნენ გაუგებარია).
მესამე, პირადად მქონდა მათთან შეთავაზება, რომ ხელი მოეწერათ ინიციატივისთვის. პირადად ჩემი საუბრის და შეთავაზების გარდა, დღის განმავლობაში დელეგაციის სამდივნომ რამდენჯერმე შეახსენა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ხელმოწერის საკითხი, თუმცა მათგან დასტური არ მიგვიღია.
ოპოზიციის მცდელობა, წარმოაჩინონ, თითქოს 10 მხარდამჭერი ვერ ვიშოვე ამხელა ევროპარლამენტში არის აბსურდული უცოდინარობა! საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ინიციატივას ჭირდებოდა ხელმოწერები ამ სამი დელეგაციიდან და არა სრულიად ევროპარლამენტიდან, რაც მარტივი იქნებოდა, რომ არა უკრაინის დელეგაციის და ქართული ოპოზიციის უარი ხელმოწერაზე. სწორედ მათი უარის გამო, ევრონესტის ბიურომ ვეღარ წარადგინა რეზოლუციის ტექსტი სესიაზე, რადგან მას ჰქონდა ინიციატორი სამი დელეგაციიდან მხოლოდ 8 ხელმოწერა: 5 - საქართველოს დელეგაციიდან (მხოლოდ ქართული ოცნების წევრების) და 3 - მოლდოვას დელეგაციიდან.
ოპოზიციის სახე ახალი აღმოჩენა ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ ამ დონის პოლიტიკურ უმეცრებასაც არ მოველოდი.
თურმე, ქართულმა ოცნებამ უნდა დაუღეჭოს, დაუმარცვლოს, ეხვეწოს, ემუდაროს, ოპოზიციას, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას იქნებ, როგორმე, სადმე მხარი დაუჭირონ. პოლიტიკურად სწორად მოაზროვნე ადამიანი შეთავაზებას არც კი დაელოდებოდა, თვითონ მოითხოვდა ხელი მომაწერინეთ საქართველოს სასიკეთო ტექსტზეო.
თურმე ევროპარლამენტარებს უნდა მოეწერათ ხელი, ჩვენ რას გვიყურებდითო… ოპოზიციის “რკინის ლოგიკა” გვეუბნება, საქართველოს ინტერესების დაცვა სხვას უფრო ევალება ვიდრე მათ. არადა, ევროპარლამენტარების ვალდებულება თავისი ამომრჩევლის და საკუთარი ქვეყნის ინტერესის დაცვაა და არანაირად არ ევალებათ მათ სხვაზე ფიქრი და ზრუნვა.
ის კი მაინტერესებს, რისი შეცვლა უნდოდათ. ალბათ ამ ცვლილების კარნახსაც სხვისგან ელოდნენ, დროულად ამიტომ ვერ წარმოადგინეს რისი შეცვლა უნდოდათ ტექსტში.
რაც არ უნდა ხმამაღლა ილაპარაკონ და იმართლონ ახლა თავი, ფაქტი დარჩება ჯიუტ ფაქტად:
ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა ხელი მოეწერა საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ რეზოლუციაზე და ეს არ გააკეთა.
რაც არ უნდა ეცადოთ ხელის შეშლა, მაინც გავაგრძელებ საქართველოს ინტერესების დაცვას სადაც ხელი მიმიწვდება." - წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.