"რეალურად ხდება სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომ შემდგომ მოხდეს ბერკეტების ხელში აღება. ეტყობა, სასამართლო რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვიღაცებს არ აწყობდათ, ვის, ეს ცხადია უკვე. მცდელობაა იმისა, რომ ქართული სასამართლო და ქართული მართლმსაჯულება დაექვემდებაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს,- ასე გამოეხმაურა ლევან მურუსიძე შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მისი და სასამართლო სისტემის კიდევ რამდენიმე წევრის სანქცირებასთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, იგი მუშაობდა იმისთვის, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა.
"სიმართლე გითხრათ არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია - ქონება არ მაქვს რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება... როგორც არის - ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ძალა არის, თავი დახარო და უკადრებელი იკადრო. მე ვცხოვრობდი ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. მიმაჩნდა, რომ სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია, ვემსახურებოდი იმას, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა, მაგრამ, ნუ, რა ვქნათ ახლა,"- განაცხადა ლევან მურუსიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.