ოპოზიცია როცა ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ ხელისუფლების გადაბარებაზე აპირებს, შაირობისკენ გვიბიძგებენ და არ მგონია, შაირობა მათი ძლიერი მხარე იყოს. ამ ნაწილშიც თამამი საუბარი შეგვიძლია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დიალოგის მაგიდიდან არასოდეს გაქცეულა.

„ქართულ ოცნებას“ უარი არ უთქვამს არჩევნებზე, საკუთარ მანდატებზე და ძალადობით ხელისუფლების დამხობა, პარლამენტისა და სასამართლოების დაწვა არ უცდია. დიალოგს მაშინ აქვს აზრი, როცა მხარეები ერთმანეთს აღიარებენ, პატივს სცემენ და დემოკრატიულ პროცესში ითვალისწინებენ. ასეთს ვერაფერს ვხედავთ. დიალოგი გვექნება მათთან, ვინც დემოკრატიას და მის პრინციპებს პატივს სცემს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს. „ლელოს“ ამ განცხადებას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში დაწერა:

 „რეჟიმთან მოლაპარაკებები დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე, „ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი“.

„ლელოს“ განცხადებას ასევე გამოეხმაურა პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია, რომელმაც აღნიშნა: „შარლ მიშელის სულის თეფშის ტრიალით გამოძახებას შეეშვით“.