„რაც დღეს საქართველოში ხდება არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო - არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ყვარელში იმყოფება, სადაც ლავროვის სანქცირებული შვილის ვიზიტს აპროტესტებს.
"ქართულ ტრადიციებზე უყვარს ხოლმე საუბარი ირაკლი ღარიბაშვილს, რუსულ პარტიას საქართველოში და ამასობაში დღეს მთელი დღის განმავლობაში იცავენ პუტინის, ლავროვის, იმ ხალხს, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს, ვინც მოგვიკლა ანწუხელიძე, ვინც მოგვიკლა უამრავი გმირი, ვინც დახოცა ჩვენი მშობლები, აწამა ბავშვები. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს ხარებას ზონდერ ბანდაა, რადგან წესიერი პოლიციელი არ იკადრებს ლავროვის სანქცირებული შვილის დაცვას. კიდევ ვიმეორებ, რომელ ქართულ ტრადიციულ ოჯახში ითქმება საქართველოს სადღეგრძელო და სად მოიხსენიებენ, როგორ მოიხსენიებენ პუტინს და ლავროვს. იმ ადამიანს როგორ მოიხსენიებენ ქართულ ტრადიციულ ოჯახებში ,სადაც ლავროვის და პუტინის დამცველი შეიძლება მოიძებნოს. დაფიქრდეს აბა საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება, თუმცა ხალხი ბრძენია და კარგად ხვდება დაფიქრების გარეშეც, ანალიზს მარტივად აკეთებენ. საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა. გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო.
ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმი, ჩვენს ხალხს რომ ავიწროებენ, უკრაინელ ბავშვებს რომ ხოცავენ და ჩვენც კარგი დღე არ დაგვაყენეს, სანქცირებულები რომ არიან, აი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო - არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ოღონდ ამას ქართველი ხალხის ერთიანობა, ერთიანი პოზიცია სჭირდება. როგორც გვჩვევია ქართველ ხალხს მძიმე ისტორიულ პერიოდში, მძიმე ისტორიული პერიოდია, როდესაც რუსულ პარტიას ამ ქვეყნის რუსულ გუბერნიად უნდა გადაქცევა, მოქალაქეების 90% კი ურყევად ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა. რატომ გვინდა ევროკავშირში? რადგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი, თავისუფლება, დემოკრატია გვინდა. წარმოიდგინეთ ოჯახში რომ შემოგივარდნენ, დაგიხოცოს ოჯახის წევრების 40 პროცენტი და 2-3 წლის შემდეგ ოჯახში რომ მასპინძლობთ. ასეთი რამე სადმე გაგიგონიათ? თქვენ ოჯახში შემოუშვებთ თქვენი შვილების, თქვენი დედების, მამების მკვლელს? და განა მთელი საქართველო ერთი დიდი ოჯახი არ ვართ? განა სხვანაირი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გვაქვს? და რას ცდილობს ახლა რუსი ოლიგარქი, რომ გადაგვაჯიშოს, ჩვენი იდენტობა დაგვაკარგვინოს და იმ ხალხს, ვინც ჩვენს შვილებს, დედებს, მამებს ხოცავდა, ვინც ტერიტორიებს გვართმევს, ვინც უკრაინაში ბარბაროსობას სჩადის ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ.
მე ამ ადამიანებს პოლიციელებს ვერ ვუწოდებ, მე ვიცნობ კეთილსინდისიერ პოლიციელებს, გამორიცხულია მათ დაიცვან ლავროვი, პუტინი, ამას აკეთებენ ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები, რუსი ოლიგარქის პირადი დაცვის წევრები. მნიშვნელოვანია პროტესტი თბილისში, სხვა ქალაქებში, ყველგან. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის. დღესაც, ხვალაც, ყველა დღე უნდა იყოს აქცია, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ექნებათ პრობლემა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.