ამ რთულ გზაზე არ მოვერიდები რადიკალურ, მძიმე გადაწყვეტილებებს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ ურთულეს გზაზე, პროპუტინისტური ძალის წინააღმდეგ უკომპრომისო ვიქნები ყველა გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ზიანის მიყენებას და რუსული პარტიისთვის კოჭის გაგორებას.
ამ რთულ გზაზე, არ მოვერიდები - რადიკალურ, მძიმე გადაწვეტულებებს, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ამომრჩევლის, ხალხის ინტერესებიდან.
სწორედ ამიტომ ხდება უპრეცედენტოდ ღიად, გამჭირვალედ ენმ - ში არჩევნები და შიდადემოკრატია, რომ ყველამ იცოდეს კაბინეტებში, ოთახებში გადაწყვეტილება აღარ მიიღება. ნაციონალური მოძრაობა არის ხალხის პარტია.
არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე - რუსული პარტია და რუსი ოლიგარქი. უმნიშვნელოვანესია, ჩვენს მოქალაქეებს, ხალხს ვესაუბროთ მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გზებზე. ყველაზე მეტი დრო, ენერგია უნდა დავხარჯოთ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ მისი მარცხის ფორმულა პრეზიდენტ სააკაშვილის თაოსნობით - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", გაერთიანებული ოპოზიციური გუნდი - ნამდვილი ოპოზიცია და სამოქალაქო ერთსულოვნებაშია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს მთავარ საფრთხეს რუსი ოლიგარქისთვის და სწორედ ამიტომ, ყველა მხრიდან მიმდინარეობს თავდასხმები ჩვენს პარტიაზე. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით გარკვეული ოპოზიციური წარმომადგენლობაც ჩაერთო.
ხალხი ყველაზე კარგად ხედავს და არჩევს ტყუილს - სიმართლეს. ყველაზე მეტად გვჭირდება მობილიზება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რომელსაც რუსული პარტია მიზანმიმართულად ანგრევს.
ნაციონალური მოძრაობა თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ / პროქართულ პარტიასთან, სამოქალაქო ჯგუფებთან და იქნება ავანგარდში რუსული რეჟიმის დამარცხებაში“- წერს ხაბეიშვილი.