“ჩინოვნიკების ოჯახის წევრები კომოს ტბაზე, რომში, სხვადასხვა კუნძულებზე ისვენებენ, ასიათასობით მოქალაქე კი გაჭირვებას ებრძვის და პარალელურად, სიდუხჭირეში მცხოვრებ ადამიანებს პერსპექტივასაც ართმევენ, ევროკავშირისგან აშორებენ და სამუდამო, გაჭირვებისთვის სწირავენ. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. უნდა დავასრულოთ ეს უკიდურესი გაჭირვება და უსამართლობა.” - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
“30-40 გრადუსი სიცხე, სამუშაოზე მთელი დღის განმავლობაში ისე, რომ ერთხელ ახერხებს წახემსებას და ისიც დათვლილი კაპიკებით, ბიუჯეტურად ისე რომ, თვის ბოლომდე ხელფასი მიყვეს. წყალი, ყავა დალია, მობილურის ანგარიში შეავსო, იმუშავა, პარალელურად უამრავ პრობლემაზე ეფიქრება და თავს წინააღმდეგობას უწევს, რომ მუშაობაში ხელი არ შეეშალოს. სახლში წასულს პროდუქტების ყიდვა სურს და უწევს მხოლოდ იმის ყიდვა, რასაც შესწვდება. ადამიანების უმრავლესობა ხორცს თითქმის თვეში ერთხელ მიირთმევს, ბავშვისთვის მინიმალური ტკბილეულის ყიდვა სურს, მაგრამ თუ ამაში დახარჯავს თანხას შემდეგ, კომუნალურს ვერ გადაიხდის ან იმავე შვილისთვის საზაფხულო მაისურის ყიდვაზე მოუწევს უარის თქმა.
სახლში თითქმის ხელცარიელი ბრუნდება ჩაის ფერის და პურის ამარა. გაზის გადასახადი, დენის გადასახადი, დასუფთავება, წყლის გადასახადი. მალე ბანკის გადახდის დღეც ახლოვდება. უამრავი დარდი, ბავშვებისთვის შეუსრულებელი სურვილები და ყოველდღიური მძიმე რუტინა და შრომა, რომლის გასამრჯელოც რიგ შემთხვევაში 500-600-800 ლარია. ეს არის ცხოვრება გადარჩენისთვის, არსებობისთვის. ამის პარალელურად, როცა ტელევიზორთან დაჯდება და გადახედავს სიახლეებს აღმოაჩენს, რომ ხალხი, რომელიც მას უნდა ემსახურებოდეს 5000 ლარიან “სმოკინგშია” გამოწყობილი, 30 000 ლარიანი მაჯის საათი უკეთია, 2000 ლარიანი სათვალე, 3000 ლარიანი ფეხსაცმელები აცვია და ასე გაპრანჭული უყვება როგორი მშვენიერია ცხოვრება. ამ ჩინოვნიკების ოჯახის წევრები კომოს ტბაზე, რომში, სხვადასხვა კუნძულებზე ისვენებენ და ამასობაში ასიათასობით მოქალაქე გაჭირვებას ებრძვის. პარალელურად ამ გაჭირვებულ, სიდუხჭირეში მცხოვრებ ადამიანებს პერსპექტივასაც ართმევენ, ევროკავშირისგან აშორებენ და სამუდამო, გაჭირვებისთვის სწირავენ. ადამიანების ყოველდღიურ რუტინაშია ახლობლების, ოჯახის წევრების მონატრება, რომლებიც უცხოეთში არიან გადახვეწილები, რომ მძიმე ყოფა შეუმსუბუქონ შვილებს, მეუღლეს, მშობლებს.
ათასობით ბავშვი იზრდება მშობლის (ების) გარეშე და ათასობით ოჯახს ტანჯავს მონატრება. ამის პარალელურად ივანიშვილმა სამეგრელოში, პორტი ჩინელებს დაუთმო, სადაც ათასობით ჩინელი დაიდებს ბინას და ემიგრაციაში გადახვეწილ ადგილობრივებს ჩაანაცვლებს. რეალურად ეს პორტი ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა და ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი გასაღებია, მაგრამ ეს გასაღებიც რუსმა ოლიგარქმა მოიპარა.
ერთადერთი გამოსავალია - ამბიცია, პირადი წყენა, ვიწრო ინტერესები უნდა გადადოს ყველამ და დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც მიიტაცა ივანიშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა. ძალა ხალხშია და ძალა ერთობაშია ! ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხის დამარცხება შეუძლებელია.
პირადად მე, როგორც აქამდე, მზად ვარ გემსახუროთ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეში! გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა და უნდა დავასრულოთ ეს უკიდურესი გაჭირვება და უსამართლობა.” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში