„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პუტინმა საქართველო, ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა.
„პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა... პუტინმა, მადლობა გადაუხადა რუსულ ოცნებასა, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა - გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები ...
ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე ...
ქართველი ხალხის ნება ურყევია ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს.
წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო ... უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი ...
ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.