თუ კანონს მიიღებენ, „ვუი“ იქნება და თუ არ მიიღებენ - „ვაი“. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროტესტის კულმინაცია არჩევნების დღეს იქნება და „ქართული ოცნება“ მას წააგებს, ძალიან მწარედ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადა.
„ეს დღეებია, ისინი საზოგადოებრივ აზრზე ძალადობენ, პოლარიზაცია მიმდინარეობს. ტროლებით დარბიან და დაპირისპირების კერებს ხელოვნურად ქმნიან, ზიზღის კამპანია აქვთ გაჩაღებული. ამ ყველაფერს „ქართული ოცნების“ შავი ფული აფინანსებს. ნაწილობრივ, ქოლ-ცენტრების, მშენებლობების, კორუფციის ფული. „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში ზიზღის დამფინანსებელია. უმრავლესობა აქვთ, ყველაფრის კადრება შეუძლიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ამ პროცესში აუცილებლად დამარცხდებიან. თუ კანონს მიიღებენ, მათთვის „ვუი“ იქნება და თუ არ მიიღებენ - „ვაი“. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროტესტის კულმინაცია არჩევნების დღეს იქნება და „ქართული ოცნება“ მას წააგებს, ძალიან მწარედ. მერე რას იზამენ ეს ადამიანები და რა იქნება მათი ბედი, კაცმა არ იცის“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.