ოჯახში ძალადობა სხვაგვარი სოციალური მოვლენაა. ეს ხდება ძირითადად ოჯახში, ვიწრო წრეში და ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახში ძალადობა ორ ადამიანს შორისაა, მას ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს სხვა, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სამართალწარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანა ფაჩუაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან განმარტა, რომ ქალები საჯარო სივრცეში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, თუმცა ოჯახში ძალადობა და გენდერული ძალადობის სხვ ფორმები მაინც პრობლემად რჩება.
ანა ფაჩუაშვილის თქმით, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ჩართულობას.
„როდესაც კონკრეტული ადამიანი ვერ ბედავს შეტყობინების გაკეთებას, ვერ ბედავს პოლიციისთვის მომართვას, აქ ჩნდება საზოგადოების კრიტიკულად სწორი დამოკიდებულების მნიშვნელობა - როდესაც მათ იციან ძალადობის შესახებ, მომართონ სამართალდამცველ უწყებას. ამდენად, რა თქმა უნდა, გარე ფაქტორები დიდ როლს თამაშობს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახში ძალადობას კიდევ ბევრი სხვა კონტექსტი სდევდეს თან, ამ მიმართულებით კიდევ ცალკე გაძლიერებულად მუშაობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ჩვენ პრევენციულად ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენ წლების განმავლობაში არაერთი ისეთი ეფექტური მექანიზმი შევქმენით, როგორიცაა: შემაკავებელი ორდერი, რისკის შეფასების ინსტრუმენტი, ელექტრონული ზედამხედველობა, ელექტრონული სამაჯური, რომლითაც მოძალადეებს ვირტუალურად ვაკონტროლებთ და ძალადობის პრევენციას ვახდენთ“, - აღნიშნა ფაჩუაშვილმა.
მისი შეფასებით, ასეთი ტიპის დანაშაულებთან მიმართებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დროულ მიმართვას. ფაჩუაშვილმა აღნიშნა, რომ მიმართვის სხვადასხვა გზები არსებობს და ერთ-ერთი არის ჩუმი მიმართვის „SOS ღილაკი“, რომლის მეშვეობითაც საპოლიციო ძალებს მიეწოდებათ კოორდინატები ყოველგვარი ვერბალური კომუნიკაციის გარეშე და ისინი ადგილზე მყისიერად გამოცხადდებიან.
WIN | Worldwide Independent Network of MR & OP-ის მიერ ჩატარდა უახლესი ყოველწლიური კვლევა „Worldviews“ , რომლის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ქალები ღამით საჯარო სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისას ყველაზე მაღალ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.




