"სტერეოტიპი: შევიკრიბებით, შევიჭრებით, ხელში ავიღებთ; მისაღებია მათთვის, ვისი გზაც ევროპისკენ მხოლოდ ნეპალზე გადის" , -ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს:
ვიდრე ჩვენთან მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს “ალერსიანი”, “მოფერებითი” თუ “ვარდონანასებრი” დამხობა ხელისუფლებისა, გინდ რევოლუცია, დავფიქრდი, რა ფესვები აქვს ამ ტერმინსაც და პოლიტიკური პროცესის ასეთ ხედვასაც ბოლო ათწლეულების ქართულ რეალობაში.
1991წლიდან მოყოლებული დღემდე ბევრჯერ მომისმენია ასეთი გამოთქმები თუ ლოზუნგები:
-გამოდით და დავამთავროთ ესენი!
- გამოვათრიოთ!
-პანღურებით გამოგყრით კაბინეტებიდან!
-წაეთრიეთ!
და ა.შ.
ქვეყანაში, რომელიც თითქოს ევროპული განვითარების გზას ადგას, სულ ცოტა, დისონანსურად ჟღერს ისეთი მოწოდებები, ვინაიდან ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ არჩევნების გზით უნდა გულისხმობდეს. თანაც დამაჯერებლად მოგებული არჩევნების, რასაც წინ მართლაც ვერაფერი დაუდგება. “მშვიდობიანი დამხობაო” - ისე ამბობენ, თითქოს გავეშებული ბრბო რატომღაც ნაზი და ზრდილი მოძრაობებით, კადრილის ცეკვას რომ წააგავს, შეაბიჯებს სახელმწიფო შენობებში, ხოლო იქ დამხვედრი ძალოვნები და დაცვა თითოეული შემოსულისთვის განკუთვნილი ტორტის ნაჭრებით და ჭიქა შამპანურით დახვდება, თქვენ გენაცვალეთ, მობრძანდითო, ეტყვიან, ამ დღეს ველოდით, თქვენია ხელისუფლებაო.
მეორეს მხრივ ასეთი ხედვები მთლად გასაკვირი არ არის ქვეყნისგან, რომლის ისტორიაშიც შავ ლაქად ჩაიწერა სისხლიანი კვაზისამხედრო-კრიმინალური პუტჩი, მხარდაჭერილი მეზობელი, დამპყრობელი ქვეყნის სამხედრო, პოლიტიკური, სპეცსამსახურული და ფინანსური რესურსით, რომელიც ქვეყნის შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებას წყევლასავით აედევნა. მოვლენა, რომელიც სახელმწიფოს მიერ სერიოზულ შეფასებას არასოდეს ღირსებია - იგი სულ რამოდენიმე წინადადებით “სახელმწიფო გადატრიალებად” შეაფასა ზურაბ ჟვანიას პარლამენტმა 2000 წელს.
რაც შეეხება 2003 წლის ნოემბერს, “ვარდების რევოლუციად” წოდებული მოვლენის თარიღს, ამაზე მახსენდება საუბარი განსვენებულ ავთო ჯორბენაძესთან, (ჩვენ ვმეგობრობდით ბოლო წლებში) ვინც ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც იგი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, 2003 წლის 27 ნოემბრამდე ქართული ჯანდაცვის სისტემის ფორმირებისთვის იღწვოდა და საკმაოდ ბევრი მოასწრო. ამ დროისთვის იგი სახელმწიფო მინისტრი იყო.
“ავთო”, ვკითხე მე, “თავი წარმოვიდგინოთ 2003 წლის ნოემბრის 4-სა და 23 რიცხვს შორის. რომ შეკრებილიყავით თავად შენ, შს-მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, სპეცნაზის უფროსი, (გვარი ვერ გავიხსენე) თავდაცვის მინისტრი დათო თევზაძე და უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურზანია და გეთქვათ: არჩევნების შედეგები ჩაითვლება და ხელმეორედ არ ჩაინიშნება პროპორციული სიებისთვის; შედეგები იგივე დარჩება, მიშა მიიღებს თავის 29 პროცენტს, შევარდნაძე რჩება კიდევ ორ წელს და შემდეგ პენსიონირდება მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. მოხდებოდა რამე?”
“არაფერიც არ მოხდებოდა” მიპასუხა ავთომ.
ასეთ დასკვნას აქვს ერთი “მაგრამ”: იმ ერთ კაცს, პრეზიდენტად წოდებულს, “სახში” უნდოდა წასვლა. ამიტომაც მას ყველაზე მეტად აწყობდა ის, რაც მოხდა და როგორც მოხდა. პოლიტიკოსთან ვერბალურ ნაწილს მნიშვნელობა იმდენად არა აქვს, უფრო მისი საქმე და ნაბიჯებია საინტერესო. თან წამოგვაძახა, შემეძლო მესროლა, მაგრამ აი, როგორი დემოკრატი ვარო. აქედან დამკვიდრდა სტერეოტიპი: შევიკრიბებით, შევიჭრებით, ხელში ავიღებთ; მისაღებია მათთვის, ვისი გზაც ევროპისკენ მხოლოდ ნეპალზე გადის", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.







