რამდენიმე დღეში ხაშური მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული წყალმომარაგების გრაფიკზე გადავა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხაშურის სერვისცენტრის ხელმძღვანელ სოსო გელაშვილთან ერთად, ქალაქში წყალმომარაგების სისტემის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, ინტენსიური ტექნიკური სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, რის შედეგადაც მომავალი კვირიდან ქალაქი მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული წყალმომარაგების გრაფიკზე გადავა.
„წყალმომარაგების გრაფიკის საგრძნობლად გახანგრძლივება მნიშვნელოვანი შვებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მასშტაბური წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის სრულ დასრულებამდე, რომელიც 24-საათიან რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს, ეს ცვლილება რეალურად გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურ პირობებს,“ - აღნიშნა მუნიციპალიტრტის მერმა. გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაშურის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




