"სტალინის ეპოქის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში, (თუმცა საკმაოდ შესუსტებული სტალინიზმის ფორმით მაინც გაგრძელებულში) შავებში ჩაცმული "ბათიკებიანი" გურამ რჩეულიშვილი რაღაცით ჰგავდა საქართველოში მოარულ თავისუფლების აჩრდილს და წინასწარ მაცნეს"- ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ქართველი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღის არსანიშნავად სოციალურ ქსელში წერს: 

"გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეზე ვიტყოდი, რომ მისი არც თუ დიდტანიანი შემოქმედების კორპუსში კარგად ჩანს მისი ტალანტის ორგინალობა. იმჟამად ლიტერატურული ლანდშაფტი ისეთი იყო, რომ ბევრი უსახური და არაფრისმთქმელი ნაწარმოები ქვეყნდებოდა. ზვიად გამსახურდია 1990 წლის ვიდეოჩანაწერში აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ გურამ რჩეულიშვილი პირდაპირ შეხებაში არ ყოფილა პოლიტიკასთან, იგი მაინც დისიდენტი იყოო თავისი ყოველდღიური ცხოვრებითა და შემოქმედებით. ძნელია ამაში არ დაეთანხმო - გურამის შემოქმედება სცილდება საბჭოთა კლიშეებს და ამკვიდრებს თავისუფალ სტილს, ახალ თემატიკასთან ერთად. გურამს ბუნებრივია, ჰქონდა კონფლიქტი რედაქტორებთან, რომლებიც აზროვნებდნენ სოციალისტური რეალიზმის შაბლონებით, ზვიადი მას ადარებდა შუასაუკუნეების ფათერაკების მაძიებელ რაინდს, რომლებიც ხშირად მიდიოდნენ ისეთ მოგზაურობებში, საიდანაც არ იცოდნენ, ცოცხლები დაბრუნდებოდნენ თუ არა. იგი ალპინისტიც იყოო, მოცურავეც, ცხენოსანიცა და მოკრივეც.

"ალავერდობა" მის ბიოგრაფიას ასახავს თითქოს, რომელშიც აბსურდულობა ყოფისა გადაიფარება დრამატული ფიგურით ალავერდის ტაძრის უჩვეულო სიმაღლიდან. ამას მოჰყვება ჰოყოფა იმ ყველაფრისა, რაც იქიდან მოჩანს: კახეთის ვაზთა მწკრივებისა, ადამიანის უდიდესი შრომით გახარებულთა, სოფლებისა და ქალაქებისა, ასევე იმ ტაძრებისა, რომელიც შემოქმედებამ აღმოაცენა; რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში". მასში აღდგომილი ქრისტეს ხატებაც კი ილანდება, უკვე მეორედ რომ უნდა მოვიდეს დიდებით.

ზვიადი იგონებდა, იგი რამოდენიმეჯერ იყოო ჩვენთან სტუმრად მოსული და კონსტანტინე გამსახურდიას ცხენოსნობის შესახებ ესაუბრებოდაო. იგი წერდა გურამიდადმი მიძღვნილ ესსეში: "უცნობები, შორეული ქალაქებიდან ჩემოსულები გგლოვობდნენ, როგორც ახლობელს. მაშინ შევამჩნიე ბევრი რამ, რასაც შემდგომში ბევრნი აღნიშნავდნენ - ნებსით თუ უნებლიედ, ყველა შენი ნაცნობი, ახლობელი თუ შორეული ისე წარმოადგენდა საქმეს, თითქოს შენ მისი უახლოესი ადამიანი ყოფილიყავი. წარმოიდგინე, მეც ასე ვიყავი, რომელიც მხოლოდ რამოდენიმეჯერ შეგხვდი ცხოვრებაში, მაგრამ ის რამოდენიმე შეხვედრა დაუვიწყარია ჩემთვის. ბევრი ვიფიქრე ამ ამბავზე და ბოლოს, მგონი მივხვდი: შენ მართლაც უახლოესი ხარ ყველა იმისა, ვინც ეზიარა ცოტად თუ ბევრად შენი პიროვნების განუმეორებელ ცეცხლს, და ვინც ეს ცეცხლი წაუკიდა თავისი სულის პატრუქს. შენში ხედავდნენ ადამიანები თავიანთ უშინაგნესს, შესაძლოა უფრო მკაფიოდ გამოხატულს, ვიდრე თავად გააჩნდათ."

სტალინის ეპოქის დასრულებიდან რამოდენიმე წელიწადში, (თუმცა საკმაოდ შესუსტებული სტალინიზმის ფორმით მაინც გაგრძელებულში) შავებში ჩაცმული "ბათიკებიანი" გურამ რჩეულიშვილი  რაღაცით ჰგავდა საქართველოში მოარულ თავისუფლების აჩრდილს და წინასწარ მაცნეს" - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისათვის: გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა.

გურამ რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით. იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.