„შემთხვევითი არ არის, რომ დღეს დამოუკიდებლობა და ქრისტიანობა ერთიან კონტექსტშია წარმოდგენილი“, - განაცხადა ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გადაცემა „დებატებში“.
მისი თქმით, დამოუკიდებლობას ირჩევენ ის ადამიანები, რომლებიც სულიერ და გონებრივ ნათელს არიან ზიარებულნი, ხოლო გაუნათლებელი ადამიანი ყოველთვის მონობას აირჩევს. იგი ხაზს უსვამს, რომ თავისუფლების ნამდვილი ქრისტიანული გაგება ბიბლიური სიტყვებითაა გამოხატული, ეს ფუნდამენტურად განსხვავდება იმ თავისუფლებისგან, რომელსაც დღევანდელი მსოფლიო გვთავაზობს და რომელიც მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებამდეა დაყვანილი.
„შემთხვევითი არ არის, რომ დღეს დამოუკიდებლობა და ქრისტიანობა ერთიან კონტექსტშია წარმოდგენილი. საერთოდ, დამოუკიდებლობას ირჩევენ ადამიანები, რომლებიც არიან სულიერ და გონებრივ ნათელს ზიარებულნი. გაუნათლებელი ადამიანი არ აირჩევს დამოუკიდებლობას, ის აირჩევს მონობას, ეს ასეა.
რა თქმა უნდა, ქრისტიანობაშიც პირდაპირ არის ეს ჭეშმარიტება - "სცანით ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ". აი, ეს არის თავისუფლების ქრისტიანული გაგება და არა რაღაც სხვა თავისუფლება, რომელსაც დღევანდელი მსოფლიო ხშირად გვთავაზობს. თავისუფლება იქ მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებაზე არის დაყვანილი“, - აცხადებს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.






