თქვენ ხართ ყველაზე ანტიდასავლურ ძალა, - ასე მიმართა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და მოუწოდა, რომ როდესაც ისინი ოპოზიციის გარკვეულ ვალდებულებებზე და საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე ისაუბრებენ, დამადასტურებელი ფაქტები წარმოადგინონ.
„13 აპრილს საქართველოს, მოლდოვის და რუმინეთის მონაწილეობით შედგა სამიტი, სადაც მიწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღეს და დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს. ამიტომ, როდესაც ოპოზიციას აბრალებენ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობას და საგარეო პოლიტიკურ კურსს, შემიძლია ყველას ერთად გითხრათ, რომ თქვენ ხართ ყველაზე ანტიდასავლურ ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში. თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელიც ღიად, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს უპირისპირდება. თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო ნატო-ს წვრთნების „მცველი 2023“-ში. ვინმემ, რომელიმე პარლამენტის წევრმა მოიკითხეთ თუ რატომ არ იღებს მონაწილეობას საქართველო ნატო-ს სწავლებებში? ამიტომ როდესაც საუბრობთ ოპოზიციის ვალდებულებაზე ან საგარეო პოლიტიკაზე, ვფიქრობ, რომ ფაქტებით უნდა ისაუბროთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ