თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვერავინ მოიყვანს თუნდაც ერთ მაგალითს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გადაედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებში იქნებოდა.
როგორც კალაძემ „ღამის კურიერში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსეთუმეს“ უწოდებენ ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს დაუთმო.
„თუკი გადავხედავთ ბოლო წლებს, თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ევროინტეგრაცია მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. 2012 წლიდან მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვარ ხელისუფლებაში და ვერც ერთი ადამიანი მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნისთვის, გაატარებდა რუსულ ინტერესს, იქნებოდა რუსეთის ინტერესებში. ფიზიკურად არ არსებობს ასეთი არც ერთი ფაქტი, არც ერთი ასეთი არგუმენტი.
ჩვენ „რუსეთუმეს“ გვეძახიან ადამიანები, რომლებმაც რუსეთთან დათმეს ქვეყნის ტერიტორიები, ადამიანები, რომლებმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეს. მე მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.