„ჩვენ არ ვართ კოლონია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა  წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსთავი2-ის ეთერში, აშშ-სთან პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველომ  ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია, თუმცა ეს ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს. 

„რა გვინდა ახლა, ვიღაცის თავდახრილი მონები ვიყოთ? - არა, ღირსეული ხალხი ვართ,  გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვეამაყება, რომ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ? ჩემს ქვეყანაში მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტი კანონს იღებს და გვეუბნებიან, რომ ამას თუ მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთ. თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ, უნდა გვითხრან არგუმენტი. თუ საფრანგეთისთვის არის მისაღები, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება, იგივე გავაკეთოთ?“, - განაცხადა კახა კალაძემ.