"მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ამ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.
ბატონმა ელჩმა ბრძანა, თქვენს გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს მხარდაჭერა. მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილები და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. ამას არ ჰქონდა ახსნა, რატომ, რადგან ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.
ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. არა ერთხელ გამოცდილმა საქართველო ამ ყველაფერში. ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. აქვე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კალაძემ.