მინდა, პირველ რიგში აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დიდი სახელმწიფოსგან სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი ტენდენცია, ისტორიაში ყოველთვის იყო ასეთი შემთხვევები. ახალი რა არის? სავარაუდოდ, არასდროს ეს პროცესები ასეთი ღია, აგრესიული არ ყოფილა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაირამოვს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა საქართველოში მიღებული „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ და აღნიშნულ კანონზე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან შეფასებებზე.

„ჩვენ ბოლო წლებში გავხდით ამის მოწმე. საქართველოსა და აზერბაიჯანის მაგალითი თუ მოიყვანეთ, სრულიად სწორი მაგალითია. მიგვაჩნია, რომ მისი ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნები რომელიმე დიდი ძალების კარნახის შესაბამისად კი არა, სუვერენულ პოლიტიკას ატარებენ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხდებით მათი მიზანი. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ჩვენ აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. ინსტრუმენტად გამოიყენეს ნებისმიერი საბაბი. შეუძლიათ, ნახონ ნებისმიერი საბაბი – ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. მაგალითად, 2024 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო კამპანია წამოწყებული დიდი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი სამიზნედ ამოიღეს და მასზე ყველაზე ცუდი ინსტრუმენტები გამოიყენეს“, – აღნიშნა ბაირამოვმა.

ამასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ქვეყნების პოლიტიკა ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება და საგარეო ძალა, რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს, სუვერენული პოლიტიკის წინააღმდეგ არის უსუსური.

„როგორც ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება. ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებები ხალხის ინტერესებსა და მხარდაჭერას ეფუძნება. ასეთ შემთხვევაში საგარეო ძალა, რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს, სუვერენული პოლიტიკის წინააღმდეგ არის უსუსური“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა სტაბილურად ვითარდება.

„საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთის ყველაზე დადებით განვითარებაში ვართ დაინტერესებული. ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. სხვა ქვეყნებშიც დაინტერესებული ვართ, რომ სტაბილურობა, განვითარება, მშვიდობა იყოს. ამის გამო ჩვენ გვაქვს სამაგალითო მეგობრობა. არ ვერევით ერთმანეთის შიდა საქმეებში. მიგვაჩნია, რომ მეზობლებმა ამგვარი პოლიტიკა უნდა აწარმოონ. ამ შემთხვევაში არ გვექნებოდა ასეთი პრობლემები და გვექნებოდა სტაბილური მსოფლიო“, – აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებელი.