საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის უკან დგას ძლიერი მეგობრობა აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა ძალიან ინტენსიურია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი განვახორციელო აზერბაიჯანში, ვიმყოფებოდე ბაქოში, ამ არაჩვეულებრივ ქალაქში. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკან დგას ძალიან ძლიერი მეგობრობა აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა საქართველოსთვის. ამის გამოხატულებაა, რომ ჩემი ვიზიტი ხორციელდება დღეს აზერბაიჯანში და ძალიან ინტენსიურია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნოორობა.
ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს პარტნიორობა პოლიტიკურ დონეზე ძალიან ინტენსიურია. ხვალ გაიმართება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში, სადაც გვექნება შესაძლებლობა, ჩავატაროთ ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი საკითხები იქნას განხილული. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგი არის ძალიან ინტენსიური და საინტერესო.
ასევე, კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობით ხელს შევუწყობთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, შეხვედრის ფარგლებში გვესაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოც და აზერბაიჯანიც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ის მართლაც სანიმუშო ურთიერთობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება გამოყენებული იქნას ამ შესაძლებლობების უფრო უკეთესად გამოსაყენებლად, რაც დღეს ჩვენი რეგიონის წინაშე დგას.
ნამდვილად სასიამოვნოა, ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ეკონომიკურ პარტნიორებს შორის ხუთეულში, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. იმედი მაქვს, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და აზერბაიჯანის უკეთ პოზიციონირებას რეგიონში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც უკვე წლებია, ვახორციელებთ საქართველოც და აზერბაიჯანიც, რომელსაც მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ეს ისტორიული პროექტები, რომლებიც დღეს ფუნქციონირებს ორ ქვეყანას შორის, მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი შეიძლება იყოს შემდგომი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.