ამის შესახებ ნიდერლანდების საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
დღეს საღამოს, მემარჯვენე-პოპულისტური „პარტია თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, გერტ ვილდერსმა, საარჩევნო აქტივობების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.
„NCTV-მ (ნიდერლანდების ეროვნული უსაფრთხოების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო - „აიპრესი“) ახლახან დამიდასტურა, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ჩაშლის გამო გუშინ დაკავებულმა ეჭვმიტანილებმა მეც, როგორც სამიზნე, მახსენეს“, - წერს ვილდერსი პლატფორმა X-ზე და დასძენს, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და სანამ არ გაიგებს, არსად წასვლას არ აპირებს.
სამაუწყებლო კომპანია RTL-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო „ნარჩენ საფრთხეს“ არ ელის, ვილდერსი მაინც შეშფოთებულია და მათ ეთერში დაგეგმილ საარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
პარტიას შესთავაზეს RTL-ის დებატებში დისტანციურად მონაწილეობა, მაგალითად, პირდაპირი ვიდეოჩანაწერის საშუალებით, მაგრამ პარტიამ განაცხადა, რომ ეს „არაა ვარიანტი“. პარტიის ლიდერმა საფრთხის გამო არ მიიღო მონაწილეობა დღევანდელ საარჩევნო დებატებში Radio 1-ზე და მისი ყოველგვარი საარჩევნო აქტივობა ჯერჯერობით შეჩერებულია, - წერს ტელემაუწყებელი თავის საიტზე.
ბელგიის პრემიერ-მინისტრზე ტერორისტული თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილთა დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტვერპენის მერი ელს ვან დოესბურგი და ნიდერლანდელი პოლიტიკოსი გერტ ვილდერსი ასევე იყვნენ ტერორისტული უჯრედის შესაძლო სამიზნეები.
ნიდერლანდური მედია აღნიშნავს, რომ გამოკითხვებში 29 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალურ კანდიდატად სახელდება ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი გერტ ვილდერსის „პარტია თავისუფლებისთვის“.