დღეს საღამოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ გამოქვეყნებულ პოსტში ჩინეთი გააკრიტიკა.
„ჩინეთში უცნაური რამ ხდება! ისინი უკიდურესად მტრულად არიან განწყობილნი და მთელ მსოფლიოში წერილებს აგზავნიან, სადაც აცხადებენ, რომ სურთ ექსპორტის კონტროლის დაწესება ყველა იშვიათ მიწა-ელემენტთან დაკავშირებულ პროდუქტზე და პრაქტიკულად ყველაფერზე, რაზედაც სურთ, თუნდაც ეს ჩინეთში არ იყოს დამზადებული. არავის არასდროს უნახავს მსგავსი რამ, მაგრამ ეს არსებითად ბაზრებს „გაჭედავს“ და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ჩინეთისთვის, ცხოვრებას გაართულებს. ჩვენ მოგვმართეს სხვა ქვეყნებმა, რომლებიც უკიდურესად აღშფოთებულნი არიან ამ უდიდესი სავაჭრო მტრობით, რომელიც არსაიდან გაჩნდა. ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან კარგი იყო, ამიტომ ასეთი ნაბიჯი ვაჭრობაში კიდევ უფრო მოულოდნელია. ყოველთვის მეგონა, რომ ისინი ჩასაფრებულები იყვნენ და ახლა, როგორც ყოველთვის, მართალი გამოვდექი! ჩინეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს უფლება მსოფლიო „ტყვედ“ აიყვანოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო მათ გეგმაში, დაწყებული „მაგნიტებით“ და სხვა ელემენტებით, რომლებიც მათ ჩუმად მოაქციეს ერთგვარ მონოპოლიაში, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ბოროტული და მტრული ნაბიჯია. მაგრამ აშშ-საც აქვს მონოპოლია, გაცილებით ძლიერი და ფართომასშტაბიანი, ვიდრე ჩინეთს. უბრალოდ არ გადამიწყვეტია მისი გამოყენება და არასდროს მქონია ამის საბაბი - აქამდე!“ - წერს დონალდ ტრამპი და დასძენს, რომ უკვე ვეღარ ხედავს აზრს ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაში, რაც ორი კვირის შემდეგ უნდა შემდგარიყო სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციაზე.
„ახლა, როგორც ჩანს, ამას აზრი არ აქვს“ და „საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მტკივნეული იყოს, ეს ძალიან კარგი იქნება შეერთებული შტატებისთვის. ერთ-ერთი ღონისძიება, რომელსაც ამჟამად განვიხილავთ, არის შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ჩინურ პროდუქტებზე ტარიფების მნიშვნელოვანი ზრდა. არსებობს მრავალი სხვა საპასუხო ზომა, რომლებიც ასევე სერიოზულად განიხილება“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.