შაშხანით შეიარაღებულმა ყოფილმა მეხანძრე-მაშველმა სავაჭრო ცენტრის სალარო გაძარცვა, თუმცა მისი მიზანი ფულის დაუფლება არ იყო და ადგილზე სწრაფად მისულმა პოლიციამ სადგომზე თავის მანქანისკენ წყნარად მიმავალი მძარცველის განიარაღება და დაპატიმრება მცირე ძალისხმევით შეძლო.

შემთხვევა სექტემბრის ბოლოს მოხდა საფრანგეთის ზღვისიქათა ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ გვადელუპაში, ბას-ტერეს კუნძულის ქალაქ სენტ-როზში მოხდა. ფერმერი, რომელსაც კრემისფერი „ბალაკლავა“ ეცვა, ადგილობრივი პოლიციის განყოფილების მახლობლად მდებარე სუპერმარკეტში მივიდა.

ემენტალის ყველის ნაჭრით და ღვინის ბოთლით საკასო აპარატთან მისვლისას, მან სავაჭრო ურიკიდან დამალული შაშხანა ამოიღო მოლარეს ფული მოსთხოვა, შემდეგ კი წყნარად გავიდა სავაჭრო ცენტრიდან და ასევე წყნარად გასწია სადგომზე გაჩერებული თავის მანქანისკენ.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელების მისვლისას მისი წინააღმდეგობა მხოლოდ იარაღის დემონსტრირებით შემოიფარგლა და ამის შემდეგ იგი პოლიციელებს უპრობლემოდ ჩაბარდა.

შეიარაღებულ ძარცვაში, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულმა 69 წლის კაცმა, რომელსაც ადრე ნასამართლობა არ ჰქონდა, აღიარა ფაქტები და CRPC (La comparution sur reconnaissance préalable de culpabilité - დანაშაულის წინა აღიარების შემდეგ გამოცხადება) პროცედურით სწრაფად შეძლო სასამართლოს წინაშე წარდგომა.

სასამართლომ მამაკაცს თხუთმეტი თვით, ოღონდ სასჯელის მოხდის ხუთი თვის ვადით გადავადებით და ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ეს მაშინ, როდესაც ასეთ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, სამიდან ხუთ წლამდე უშვებენ ციხეში.

მამაკაცის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტისთვის ასეთი მსუბუქი სასჯელის გამოტანის მიზეზი, ერთი მხრივ, გულთან დაკავშირებული პრობლემები, მეორე მხრივ კი დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა.

ის სასოწარკვეთილი იყო და მას ფული არ აინტერესებდა. უბრალოდ ციხეში მოხვედრა, იქ შვილიშვილთან ყოფნა და მისი დახმარება სურდა. კანონით დადგენილი კვირაში ორჯერ ნახვის უფლების გამოყენების დროს მან შენიშნა, რომ მის შვილიშვილს სხეულზე დალურჯებები და კბილი ჩამტვრეული ჰქონდა და მასთან ერთად პატიმრობაში მყოფთა რეგულარული წამებისგან დაცვის მიზნით მის გვერდზე  ყოფნა, მასთან ერთად სეირნობა და დახმარება გადაწყვიტა. მოსამართლემ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, სასჯელის მცირე ზომასთან ერთად, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა და მკურნალობის გავლა დაავალდებულა. გარდა ამისა, მას აუკრძალა იმ სავაჭრო ცენტრში შესვლა, სადაც დანაშაული ჩაიდინა, თუმცა, არ აუკრძალა შვილიშვილის მონახულება და ისინი ერთმანეთის გვერდით, ამჯერად უკვე კანონიერად, უფრო მეტ დროს გაატარებენ, - განმარტა ადვოკატმა.