ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მედია ავრცელებს.
როტერდამის პოლიციის ცნობით, როტერდამის პორტსა და მის შემოგარენში სარკინიგზო გზის ბლოკირების გამო 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. ასევე დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტები და ერთი პოლიციელის დაშავება. ყველა მომიტინგე ადგილიდან დაახლოებით 15:00 საათზე გაიყვანეს.
პროტესტი მოჰყვა ჯგუფ „Geef Tegengas“-ის („დააბრუნეთ“) მოწოდებას. ეს ორგანიზაცია მოითხოვს, რომ პორტმა დაუყოვნებლივ დააწესოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე და ვაჭრობაზე სრული ემბარგო.
დაშავებულ პოლიციელს აქტივისტმა სახეში მუშტი მოხვდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა ორი პოლიციელიდან ერთს უკბინეს, მეორეს კი მუშტი მოხვდა, თუმცა, ორივე მათგანმა შეძლო სამსახურში დარჩენა.
პოლიცია ამ ტერიტორიაზე რკინიგზის ბლოკირებას საშიშად მიიჩნევს, ნაწილობრივ სახიფათო მასალების გადამზიდი მატარებლების მოძრაობის გამო. მას შემდეგ, რაც მომიტინგეებს დაშლის ბრძანება მიეცათ, მაგრამ უარი თქვეს, პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.
ოთხი მომიტინგე დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევის და პოლიციელზე თავდასხმის, სამი კი ვანდალიზმისა და შეურაცხყოფისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დანარჩენები სასამართლოში გადაიყვანეს, შემდეგ კი სახლში დაბრუნების უფლება მისცეს.
ამ ქმედებების გამო, დაახლოებით ორმოცი სატვირთო მატარებელი ვერ ახერხებდა დანიშნულების ადგილისკენ სვლის გაგრძელებას.
გასულ კვირას, პროპალესტინელმა მომიტინგეებმა ჰააგის ცენტრალური სადგურის ფართომასშტაბიანი ბლოკადა მოაწყვეს. ორასზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ამ კვირაში მოკლევადიანი საპროტესტო აქცია ამსტერდამის ცენტრალურ სადგურზეც გაიმართა. პოლიციის ცნობით, „დაახლოებით ოცი“ ადამიანი დააკავეს, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა და რკინიგზის შესახებ კანონის დარღვევისთვის.