ქართული ღვინის პოპულარიზაცია კარგია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა. პრიორიტეტები ხომ არსებობს?! რა დროს ღვინოა, ხალხო. გამოფხიზლდით! - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ნორვეგიელი კონსერვატორების პრემიას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული ტელეარხებიდან და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით გამოეხმაურნენ და კითხვას ვსვამ: ამით ქვეყნის შიგნით, ჩვენ რას გვიხსნიან?! იმას გვახსენებენ, რაც მათი გაბრაზებული კომენტარების გარეშეც გადასარევად ვიცით?! გვახსოვს, ბატონებო! ბევრი რამ გვახსოვს! დღევანდელ სავალალო ვითარებამდე როგორ მოვედით, მე და ჩემნაირებს ესეც გვესმის, მაგრამ თქვენ როგორ ვერ ხვდებით ან არ ხვდებით, რომ ამ პრემიას რეაქცია და გამოხმაურება სჭირდებოდა დასავლეთში. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ოსლოს ვგულისხმობ და არა აქ, თბილისში. საორგანიზაციო კომიტეტთან მანამდე უნდა ემუშავათ შესაბამის საელჩოებს. ეს შრომა არ გაწეულა, ფაქტია. ის მაინც იყო შესაძლებელი, რომ ცერემონიას დასწრებოდნენ:
ა) საქართველოს ელჩი ნორვეგიაში,
ბ) ევროკავშირში საქართველოს ელჩი,
გ) ევროსაბჭოში ჩვენი ელჩი და იქვე გაეჟღერებინათ ქართველი ხალხის სათქმელი. ვნახეთ, ესეც არ მოხდა. არადა, ზემოხსენებულ პირებს ღონისძიებაზე დასწრებისა და ქართველი ხალხის პოზიციის გაჟღერების შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდათ. ამის ნაცვლად, ჩვენ აქ, თბილისში გვიხსნიან, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დარგში სააკაშვილისთვის მინიჭებული პრემია, თურმე, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. შეურაცხყოფა კი არა, სულში ჩაფურთხებაა, მაგრამ შეურაცხყოფაა ისიც, როცა საერთოდ არ მუშაობ ან არასათანადოდ მუშაობ ან უბრალოდ, ვერ მუშაობ შენს დასავლელ კოლეგებთან, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებანი (იგივე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები) მიიტანო მათ გონებამდე. მერე გამოდიხარ და ქართული ტელეარხებიდან ეპასუხები ნორვეგიელ კონსერვატორებს და საერთოდ, მთელ სკანდინავიას. ლობისტური კომპანიების საქმიანობის გამო ხდება ეს ყველაფერიო,- პატივი გვეცით და ამ მორიგ სისულელეს ნუ გაგვიმეორებთ. ხელისუფლებასაც ჰყავს ლობისტები და გაუგებარია, რა სტრატეგია აქვთ მათ. არანაირი შედეგი რომ არ ჩანს, ფაქტია. სხვა მოქმედებებია საჭირო, გაიგეთ ბოლოს და ბოლოს!!!
ამ დღეებში ნორვეგიაში საქართველოს საელჩო ქართული ღვინის რეკლამირებით იყო დაკავებული. კარგია ეს. ქართული ღვინის პოპულარიზაცია კარგია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა. პრიორიტეტები ხომ არსებობს?! რა დროს ღვინოა, ხალხო. გამოფხიზლდით!"