დღეს მომხდარი ამბავი დღეს კი არ დაიწყო, დღეს მომხდარი ამბავი 10 წლის წინ დაიწყო, როცა იმჟამინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მკაფიოდ აგვიხსნა, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა, თურმე, ქართული დემოკრატიის ამოცანა ყოფილა - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
ევროპარლამენტში 705 დეპუტატია. მართალია, დღევანდელ სხდომას 634 დეპუტატი ესწრებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც 705-დან უნდა ვიანგარიშოთ. ამგვარად, 705 დეპუტატიდან 577 ანუ თითქმის 82% ითხოვს სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვებას. გარდა ამისა, 705 დეპუტატიდან 362 ანუ თითქმის 52% ითხოვს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.
ამასთან, ევროპარლამენტი ივანიშვილს აცხადებს ოლიგარქად, შურისმაძიებლად და პოლიტიკურ ურჩხულად. ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს მძიმე და საგანგაშო რეზოლუციაა.
დეპუტატი კუბილიუსი და დეპუტატი ფოტიგა არ არის 577 დეპუტატი და არც 362 დეპუტატია, შესაბამისად, იმის თქმა, რომ ევროდეპუტატები ანგარებით მოქმედებენ არც სწორია და არც სიკეთის მომტანი.
სრულიად ნათელია, რომ ეს დეპუტატები შეცდომაში არიან შეყვანილნი და არა მარტო ეს დეპუტატები. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი მომხრეა. ვიღაცა ივანიშვილის მომხრეა, ვიღაცა- სააკაშვილის, ვიღაცა საკუთარი თავის მომხრეა, ვიღაცა კი, არავისი მომხრე არ არის.
ვფიქრობ, ყველამ იცის, რა და რამდენი ბოროტება აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს და ვფიქრობ, ისიც ყველას ესმის, რომ არც ხელისუფლება და არც ივანიშვილი არანაირად არ არიან დაინტერესებულნი სააკაშვილის მოწამვლასა და სიკვდილში. ამავდროულად, სრულიად ნათელია, რომ...
ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სააკაშვილის მრჩეველებმა და ლობისტებმა დაგეგმეს და ხორცი შეასხეს მათთვის სასურველ პროპაგანდას და ჩვენს თვალწინ თავად მწამებელი წამებულად და თავად მჩაგვრელი ჩაგრულად წარმოაჩინეს.
მთავარი ისაა, რომ ამ პროპაგანდას ივანიშვილის მრჩეველ-კონსულტანტებმა ვერაფერი დაუპირისპირეს, „ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატური პიარ-პროპაგანდა ვერ დაუპირისპირა და დღეს ამერიკელ სენატორებსაც, ფრანგ და გერმანელ დეპუტატებსაც და თავად ევროპარლამენტარებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ თითქოს ივანიშვილი ცდილობს სააკაშვილის მოწამვლა-მოკვლას.
დღეს მომხდარი ამბავი დღეს კი არ დაიწყო, დღეს მომხდარი ამბავი 10 წლის წინ დაიწყო, როცა იმჟამინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მკაფიოდ აგვიხსნა, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა, თურმე, ქართული დემოკრატიის ამოცანა ყოფილა. არ ვიცი, დღეს ვინ ხელმძღვანელობს პიარ-პროპაგანდას „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ ვიცი, რომ ევროპარლამენტსა და სენატში სულ სხვა ტიპის მუშაობაა საჭირო. ამ რეზოლუციას ახალ და ძალზედ მძიმე რეალობაში გადავყავართ- „მრუდე სარკეების“ რეალობაში! რეალობაში, სადაც სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი და ძმანი მათნი მართალნი არიან, ჩვენ კი, თურმე, სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე გველანდებოდა... თურმე, თავსაც ვიტყუებდით და სხვებსაც ვატყუებდით.
ისევ ვამბობ: შექმნილ რეალობაში სრულიად განსხვავებული, მე ვიტყოდი, რადიკალურად განსხვავებული ქმედებებია საჭირო, როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში. ჩვენ მოქმედების კონკრეტული გეგმა გვაქვს. სულ მოკლე ხანში ამ გეგმას გაგაცნობთ." - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.