მე მესმის თქვენი მდგომარეობა, არ ხართ ცუდი კაცი, უბრალოდ, გახმოვანება გიწევთ ცუდი და იმ დაწერილი ტექსტების, თორემ მე თქვენ გიცნობთ და ვიცი, რომ ღირსეული კაცი ხართ, მაგრამ ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში, თქვენ მსხვერპლი ხართ - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.
ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა შეფასებას, რომ გამჭვირვალობის შესახებ საფრანგეთში არსებული კანონი ფრანგი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
„მე მესმის თქვენი მდგომარეობა, არ ხართ ცუდი კაცი, უბრალოდ, გახმოვანება გიწევთ ცუდი და იმ დაწერილი ტექსტების, თორემ მე თქვენ გიცნობთ და ვიცი, რომ ღირსეული კაცი ხართ, მაგრამ ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში, თქვენ მსხვერპლი ხართ. ბატონო გიორგი, როდესაც ქართულ კანონზე მუშაობდით, იმედი მაქვს, მითუმეტეს, რომ მადამ პრეზიდენტი გვყავს, ფრანგულ კანონსაც გაეცნობოდით. თქვენ აქ ბრძანეთ და შეფასებები მოიტანეთ, რომ ქართული კანონი უფლებებს ზღუდავს, დისკრიმინაციულია, კიდევ გარკვეული სახელი დაერქმევა და ა.შ. საზოგადოებამ იცის, რას ითხოვს ქართული ვარიანტი, არც ფიზიკურმა პირმა, არც მეწარმემ, არც სტუდენტმა, არც დოქტორანტმა, არც შშმ პირმა რეგისტრაცია არ უნდა გაიაროს, ეს არ მოეთხოვება. მოეთხოვება მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას და ისიც, თუ (დაფინანსება) 20%-ზე მეტია. მოეთხოვება წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს და გააგრძელოს მუშაობა. ამას თქვენ უწოდეთ რუსული მეთოდები. კითხვა მაქვს, ფრანგული კანონი, რომელიც ორივე პალატამ მიიღო და უკვე ამოქმედდება, ითვალისწინებს ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, მეწარმის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის სამწლიან პატიმრობას, მათ შორის ლიკვიდაციას. ფრანგული კანონი მედიის წინააღმდეგ არის, საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ არის, პოლარიზაციას ხელს უწყობს და ის არის ფრანგი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი? გეკითხებით, ამ შეფასებას ეთანხმებით, თუ არა? არ მოგეშვებით, პასუხი უნდა დამიბრუნოთ“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ გიორგი მსხილაძის მისამართით.