კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისთვის მიმართავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავიდანვე ითქვა, რომ ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება.

„ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ 4 ოქტომბრის პროვოკაციამ სრული ფიასკო განიცადა. ის დასრულდა ისე, როგორც ქართველ ხალხს და არა მარტო ქართულ სახელმწიფოს უნდოდა. კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისათვის მიმართავენ. თავიდანვე ვამბობდით, ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება. უკვე ბევრმა ისარგებლა ამით. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს, საკითხის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ყველასათვის ეს უნდა იყოს მანიშნებელი, რომ ქვეყანაში, მით უმეტეს გარედან დაკვეთით ჩატარებული ფერადი რევოლუციების დრო დამთავრდა. ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამა თუ იმ პოზიციას ან ქვეყანაში გარკვეულ ცვლილებებს უნდა მიაღწიოს ქართველ ხალხთან, ამომრჩეველნთან პოლიტიკური საქმიანობით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმის უპერსპექტივობას, რაც ერთი წლის წინ, 4 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, რასაც მხარი დაუჭირა ოფიციალირად ევროკავშირის წარმომადგენელმა და დადგა არა საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიისა და არჩევნების მხარეს, არამედ რევოლუციის მხარეს. და დღეს, ერთი წლის თავზე, ეს ყველაფერი ნელ-ნელა წარსულს რომ ბარდება და ადამიანები ამას ათვითცნობიერებენ, ძალიან კარგია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად რეალური და დროულია აღიარება იმ ადამიანისგან, რომელიც მოუწოდებდა ხალხს მშვიდობიანი დამხობისკენ, ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ „როდესაც ადამიანი აღიარებს, აცნობიერებს შეცდომას, ეს ყოველთვის დროულია“.

„სახელმწიფოს გააჩნია ჰუმანური მიდგომა და უკვე ბევრმა ადამიანმა ამ ჰუმანური მიდგომით იხელმძღვანელა და თავისუფლებაზე არის. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, ყველა დეტალი სასამართლოში გაირკვევა, სახელმწიფო იქნება ამ პოლიტიკის მომხრე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.