საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ორ ქვეყანას შორის დადებითი დინამიკა არსებობს. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი.

ბელარუს კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრას ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დაესწრო.

ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია თბილისს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.