მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, საზოგადოებას ემუქრებოდა. საქართველოში ასეთი მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლარიზაცია სჭირდებოდათ, რათა საქართველოში მოეყვანათ ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთების შემსრულებელი იქნებოდა.
„ევროკავშირის წარმომადგენლობამ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს ნათლად აჩვენებს, რას უჭერდა მხარს ევროკავშირის ბიუროკრატია საკუთარი წარმომადგენელის პირით. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება გვქონდა. ევროკავშირი როცა ცდილობს, ის ღონისძიებები დააფინანსოს, იმ მინდორზე და იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც საზოგადოებას მონებს უწოდებს, უკაცრავად, მაგრამ დედის გინებით მიმართავს, რა თქმა უნდა, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ამ ღონისძიების დაფინანსებაზე როცა უარი მოუწიათ, მათი კომენტარი იყო, ამით გამოხატვის თავისუფლება ირღვევაო. დედის გინება, ადამიანების შეურაცხყოფა, ბულინგი და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია და ნებისმიერი ნორმალური საზოგადოების შეურაცხყოფაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ, დამთავრებულები ხართ“. სააკაშვილის თქმით, „დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს გარდაუვალი ფაქტია“.









