ფერმერთა რეგისტრაციის ახალი სისტემა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ მევენახეობა-მეღვინეობისთვის კიდევ დამატებითი კომპლექსური პროგრამები შემოვიდეს, რომ ყურძენი მივიდეს თავის რეალურ დანიშნულებამდე - არა უბრალოდ ჩაბარება, არამედ ღვინის მიღება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

მისივე თქმით, ღვინის მწარმოებლებმა საბოლოო პროდუქტის, ღვინის დამზადებით უნდა მიიღონ ეკონომიკური სარგებლი და არა უბრალოდ ყურძნის ჩაბარებით.

„ყურძენი რა ღირს?“, რომ ვკითხოთ შვეიცარიელ მევენახე-მეღვინეს, ან ფრანგს, ვერ გეტყვით, რადგან ყურძნის ჩაბარებით იქ ეკონომიკურ მოგებას არავინ იღებს. ყურძენი ეს არის აპრიორი. სხვაგვარად, ვერც მიხვდებიან, რას ეკითხებით. ყველა ფიქრობს, რომ ყურძენი ეს არის პროდუქტი, რომლისგანაც უნდა მიიღოს ღვინო. ამ ღვინით ხდება ეკონომიკური სარგებლის მიღება.

ჩვენთან ეს მემკვიდრეობა მოგვყვება კომუნისტების პერიოდიდან, საბჭოთა პერიოდიდან და ამიტომ ჩვენ ვერ მივატოვებთ ვერასდროს ყველაზე მცირე, იმ 36 ათას მევენახეს, გლეხს და ყოველთვის გვექნება სურვილი, რომ ამ ადამიანების შრომა როგორღაც სახელმწიფოსგან იყოს მხარდაჭერილი.

რაც შეეხება დამატებით პროგრამებს, სწორედ მცირე მეღვინეობის ხელშეწყობა - საოჯახო მარანი, ღვინის წარმოება და ასე შემდეგ, ეს იქნება. ეს პროგრამა იყო და ახლაც იქნება. ფერმერთა რეგისტრაციის ახალი სისტემა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ მევენახეობა-მეღვინეობისთვის კიდევ დამატებითი კომპლექსური პროგრამები შემოვიდეს, რომ ყურძენი მივიდეს თავის რეალურ დანიშნულებამდე - არა უბრალოდ ჩაბარება, არამედ ღვინის მიღება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.