29 აპრილს, როცა „ქართული ოცნების“ დაანონსებული „რუსული მარში“ შედგება, „ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება პარლამენტთან ან მიმდებარე ტერიტორიაზე, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

„დღეს ახალგაზრდულმა საპროტესტო ჯგუფებმა გააკეთეს განცხადება, რომ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ აპირებენ რაიმე ტიპის აქტივობას. „ლელო“ უერთდება ახალგაზრდებს და ჩვენც იმავე პოზიციით, რომ არ შეიძლება „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლად იქცეს მოქალაქე, რომელსაც გააზრებული აქვს ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. „ლელო“ სწორედ ამ პრინციპებზე დგას და ვამბობთ, რომ 29 აპრილს, როცა რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ დაანონსებული „რუსული მარში“ შედგება, მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც ცდილობენ, იძულებით წამოიყვანონ და დააყენონ ამ ანტიეროვნულ აქციაზე, ჩვენ არანაირი ტიპის აქტივობა არ გვექნება პარლამენტთან ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ აქტივობები მხოლოდ იზოლირებულად დაგეგმონ, შორს, იმ პროვოკაციისგან, რისკენაც „ქართული ოცნებაა“ მოწოდებული და ემზადება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.