2023 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 16.4%-ია, დაუსაქმებელია 261 700 სამუშაოს მაძიებელი - ეს ტოტალურ უმუშევრობას ნიშნავს!
ეს ციფრი კიდევ უფრო კატასტროფული იქნებოდა თუმცა, უმუშევრობის დონეს ამცირებს საქართველოდან შრომისუნარიანი მოსახლეობის ემიგრირება. 2022 წელს საქართველოდან 125 ათასი მოქალაქე ემიგრირდა, 2021 წელს - 99 ათასი. - ამის შესახებ პარტია”ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
"ევრპულ ქვეყნებთან შედარებით სტატისტიკა საქართველოში კატასტროფულია - საქართველოში უმუშევრობის დონე თითქმის 3-ჯერ უფრო მეტია. Eurostat-ის 2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირში უმუშევრობის დონე 5.9% იყო - საქართველოში კი 16,4% - ია. (ამავე წელს, აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, რუმინეთში უმუშევრობის დონე 5.4% იყო, ბულგარეთში - 4.3%, ესტონეთში - 6.4%, ლიეტუვაში - 6.3% და ლატვიაში - 6.5%)
“ქართული ოცნების” პირობებში იზრდება ბიუროკრატია, რომელსაც მმართველი პარტია საარჩევნო მანიპულაციებისთვის და ხმების მოსყიდვისთვის იყენებს. სამაგიეროდ, კერძო სექტორში სამუშაო ადგილები არ იქმნება და კატასტროფულად მცირდება. “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კერძო სექტორში ყველაზე მეტი, 1 022 600 ადამიანი 2016 წელს იყო დასაქმებული, მას შემდეგ ქრონიკული ვარდნაა და კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება - 2022 წელს ეს რიცხვი 975 700-მდე შემცირდა.
ქართული ოცნება არაფერს აკეთებს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეებს უბიძგებს დატოვონ ქვეყანა და საზღვრებს გარეთ აიძულებს სამუშაო ადგილების ძებნას.
2023 წლის მონაცემებით, ბულგარეთში უმუშევრობის დონე 4.3%-ია. საქართველოშიც უმუშევრობა ამ დონემდე რომ შემცირდეს, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 200 000-ით გაიზრდებოდა. 200 000 ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იშოვნიდა მაღალანაზღაურებად სამსახურს.
ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ “დასაქმების დეფიციტი”, არამედ “ხელფასების დეფიციტიც” წარმოქმნა. საქართველოში წმინდა საშუალო თვიური ხელფასი არა მხოლოდ ბევრად დაბალია ($545) ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არსებულ მაჩვენებლებზე, არამედ 22%-ით უფრო დაბალია, ვიდრე თურქეთში - $667.
(ასევე, ბულგარეთში წმინდა საშუალო ხელფასი არის 933$ (71%-ით მეტი ვიდრე საქართველოში); რუმინეთში 1 105$ (103%-ით მეტი); ლატვიაში 1 261$ (131%-ით მეტი); ლიეტუვაში 1 410$ (159%-ით მეტი))- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.