პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და "რადიკალურ ოპოზიციას" არ უნდა მისცენ საბაბი, ხელოვნურად გაამწვავონ პოლარიზაცია.
როგორც ირაკლი კობახიძემ ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, პოლარიზაცია გაამწვავა მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვისა და ოთარ ფარცხალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესებამ, სადაც დოკუმენტში ფიგურირებდა მისი თქმით, "სასაცილო ჩანაწერები".
"მგონია, რომ პარტნიორებიც მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ ამ საქმეს და ეს ბოლო შემთხვევა არის ამის კარგი მაგალითი. მტკიცებულებების გარეშე სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ჩაიდო ჩანაწერი ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ხომ ყველამ წინასწარ ვიცოდით, ადვილი გასათვლელი იყო, რომ ეს ჩანაწერი იქნებოდა გამოყენებული ამ რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციისთვის, რატომ უნდა გააკეთო ასეთი რაღაცები? მტკიცებულებების გარეშე და არასერიოზული ჩანაწერებით - ფარცხალაძის გავლენა საზოგადოებაზე, ეს ხომ სასაცილოა, სად აქვს გავლენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჯარო პირიც კი არ არის, არ ჩნდება კამერებთან, მწერალია თუ?!
როდესაც ასეთი ჩანაწერებით პოლარიზაციას ხელოვნურად აღვივებს რადიკალური ოპოზიცია, აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს პარტნიორმაც, არ უნდა მისცეს რადიკალურ ოპოზიციას ახალი საბაბი რომ აქ პოლარიზაცია გააღვივოს. სამწუხაროდ, სხვანაირი ფაქტები ფიქსირდება ხოლმე, რაც ძალიან სამწუხაროა, მეტი ყურადღება მართებთ. მე მგონია, რომ ესეც არის ერთგვარი კუდი წინა საელჩოს ხელმძღვანელობის, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში, ასეთი რაღაცები აღარ მოხდება. მაგალითად, ასეთი არასერიოზული ჩანაწერები აღარ გაჩნდება, როგორიც იყო მოსამართლეებთან დაკავშირებით და დღეს ფარცხალაძესთან დაკავშირებით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.