ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა ხდება. სალომე ზურაბიშვილმა სულსწრაფობა გამოავლინა, ვურჩევდი, საკუთარი დოსიეც გამოითხოვოს, რომლიც მიხედვითაც, მისი მეტსახელი იყო „სტრიკაზა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხს იუსტიციის სამინისტრო გაარკვევს.
„ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს. ხშირად გვიან ხდება ასეთი ფაქტების გამოვლენა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთი საქართველოში ათიათასობით ადამიანია – კანონს ეწინააღმდეგება და ეს ფაქტი გამოვლენილი არ არის. რაც შეეხება პროცედურას, ეს შესაბამისი უწყების საქმეა.
ამ საკითხის შესწავლა ხდება და როგორც კი კანონის წინააღმდეგ მოქალაქეობის მიღება გამოვლინდება, საკითხი მას შემდეგ გადადის პრეზიდენტთან. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის სულსწრაფობას, ვურჩევდი, საკუთარი დოსიეც გამოითხოვოს, რომლის მიხედვითაც, როგორც ოპოზიცია ამბობდა, იმ დოსიეში მისი მეტსახელი იყო „სტრიკაზა“. სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ დაწერილ განცხადებაში გამოავლინა სულსწრაფობა. ამას გაარკვევს იუსტიციის სამინისტრო, თუ ფარცხალაძე იტყვის, რომ მას ურჩევნია რუსეთის მოქალაქეობა, ეროვნული ბანკის რეგულაცია მასზე აღარ გავრცელდება. ხდება იუსტიციის სამინისტროში დაბარება, შეთავაზება, რომელი ქვეყნის მოქალაქეობას ირჩევს, პროცედურა სჭირდება. პროცედურა ალბათ დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.