დიდ გეგმებს აწყობდნენ ფარცხალაძის დასანქცირებაზე, თუმცა ერთ დღეში ჩამოეშალათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ სახელმწიფომ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან სწორად იმოქმედა.
„დიდი მოლოდინი ჰქონდათ ამ თემის მიმართ. ეგონათ, ეს იყო თემა, რომლის საფუძველზეც აქ აადუღებდნენ სიტუაციას, დაამობილიზებდნენ ხალხს. ერთ დღეში ჩაეფუშათ ეს გეგმა და დღეს ხავსს ეჭიდებიან, რომ ეს არ არის დასასრული. ეს არის ხავსს მოჭიდებული ადამიანის პოზიცია. ძალიან დიდ გეგმებს აწყობდნენ ფარცხალაძის დასანქცირებაზე, თუმცა ერთ დღეში ჩამოეშალათ გეგმა, მათ შორის იმის გამო, რომ სახელმწიფომ ძალიან სწორად იმოქმედა ყველაფერთან დაკავშირებით. ყოველთვის ჩვენ მივყვებით კანონს, რაც მთავარია, მივყვებით კონსტიტუციას და ეს არის ჩვენი ერთერთი მთავარი იარაღი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მუდმივად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ცდილობენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმაც, იუსტიციის სამინისტრომაც დაიცვა კონსტიტუცია და ოთარ ფარცხალაძეს არავინ გადაჰფარებია.
„რაც შეეხება ფარცხალაძის გადაფარებას, თქვენ ნახეთ, გუშინ საღამოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ესეც გადაფარება იყო თუ რა იყო? აქ საინტერესო ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმაც და იუსტიციის სამინისტრომაც კონსტიტუციის, კანონის შესაბამისად იმოქმედა. ერთ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ფარცხალაძეზე გავრცელდა დადებითი რეგულაცია, მეორე შემთხვევაში – მისთვის უარყოფითი რეგულაცია. არსად არ იყო გადაფარება, ეროვნულმა ბანკმაც დაიცვა კონსტიტუცია, კანონი და იუსტიციის სამინისტრომაც. არსად არავითარი ხვრელი არ არის დატოვებული. ეროვნული ბანკის რეგულაციამ უზრუნველყო ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების დაცვა, ერთადერთი ეს არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.