მინდა, ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რადგან ამაკლიის პოტის აშენების მიმართ მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით, – ამის შესახებ საქრათველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას.
„მინდა, ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიდგომით პროექტის გაგრძელება. თქვენ იცით, რომ მანამდე იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვლა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. სახელმწიფო წარმართავს ამ პროცესს და შემდეგ უკვე ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს შეიძლება, გადაეცეს ის პორტი, რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც ასევე უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლიის პორტში, რაც აუცილებელია ანაკლიის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან.









