მთავარია, აგენტურა მოშლილია, ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, აგენტურას სათანადო სამართლებრივი პასუხი სჭირდება და ამისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ აგენტურა იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე, ამ კონკურენციაში ისინი ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ, თუნდაც წლების წინ. შესაბამისად, პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია, ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი. ეს არის აგენტურა, აგენტურას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტაჟს სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









