ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა - მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა, - ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იქნება ოკუპაციისა და სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლების განულებისკენ.
„დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.
საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-28 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.