ქ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან. შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკომისიის ანგარიში, რომელიც, მთელი რიგი მიმართულებებით, პოზიტიურ შეფასებას აძლევს საქართველოს პროგრესსა და ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. აღინიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის სათანადოდ დაფასება და მისი ასახვა კონკრეტულ გადაწყვეტილებაში. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გერმანია მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მხარეები მიესალმნენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. საუბრისას მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობის დინამიკას და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა მიუნხენის კონფერენციაზე, ამასთან, გამოთქვეს მზადყოფნა შეინარჩუნონ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა ორ ქვეყანას შორის.